სავიზო რეჟიმი გაიოლდება, თუ ჩვენი ქართველები კარგად მოიქცევიან - ილია მეორე

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე აცხადებს, რომ უცხოეთში მყოფმა ქართველებმა უნდა იფიქრონ იმაზე, რომ მათი საქმიანობა ქვეყნის უვიზო მიმოსვლაზე იმოქმედებს.
Sputnik

თბილისი, 27 მაისი - Sputnik. საქართველოს პატრიარქი ილია მეორე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ემიგრაციაში მყოფ ხალხს ხელი უნდა შეუწყოს, რათა მათ ქვეყანაში დაბრუნება გაუადვილდეთ.

NO! ანუ უსაფრთხო ქვეყნიდან ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა პერსპექტივა...

ეს განცხადება ილია მეორემ დიასპორის ფორუმზე „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

პატრიარქის თქმით, უცხოეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იფიქრონ იმაზე, რომ მათი საქმიანობა ქვეყნის უვიზო მიმოსვლაზე იმოქმედებს.

„უნდა გვახსოვდეს, რომ დიასპორის მოქმედება, საქმიანობა, ბევრად იმოქმედებს სავიზო რეჟიმზე. სავიზო რეჟიმი გაიოლდება, თუ ჩვენი ქართველები კარგად მოიქცევიან. მე იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება. მინდა ვთხოვო საქართველოს ხელისუფლებას, გაუადვილონ ქართველებს ჩამოსვლა სამშობლოში", - განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქი ფიქრობს, რომ ქართული დიასპორის მოღვაწეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ბევრს აკეთებენ საქართველოსთვის, თუმცა მისი თქმით, არის უარყოფითი მხარეებიც - მრავალი ქართველი ადამიანი დღეს ციხეში იმყოფება ქურდობისათვის ან სხვა უარყოფითი საქმისთვის და საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს უარყოფითი მხარეები აღმოიფხვრას.

თბილისში დღეს დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი – „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ გაიხსნა. ყოველწლიურ ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მასპინძლობს. ორდღიანი ფორუმი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას, მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.