ყვითელი ამბები

„მადლობა ქართულ მაფიას" – მელაძისა და მოტის დუეტი RU.TV-ზე საუკეთესოდ აღიარეს

ნომინაციაში „საუკეთესო დუეტი" გაიმარჯვეს ვალერი მელაძემ და მოტმა სიმღერით Сколько лет
Sputnik

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ვალერი მელაძისა და ლეიბლ Black Star-ის არტისტის დუეტი, ტელეარხ RU.TV-ს რუსული მუსიკალური პრემიის ვერსიით, საუკეთესოდ აღიარეს.

მოსკოვის მრავალდონიან საკონცერტო დარბაზში Crocus City Hall 25 მაისს გაიმართა მუსიკალური პრემია, სადაც შეიკრიბნენ რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, ელიტური პერსონები, ბლოგერები, ჟურნალისტები და მსმენელები.

შოუს წამყვანები იყვნენ მომღერალი და კომპოზიტორი არტიომ ივანოვი და მომღერალი პოლინა გაგარინა.

მომღერლები სხვადასხვა ნომინაციაზე წარადგინეს. მათ შორის იყო „საუკეთესო დუეტი", რომელშიც გაიმარჯვეს მოტმა და ვალერი მელაძემ სიმღერით Сколько лет.

ჯილდოს ფოტო გამოაქვეყნა ვალერი მელაძემ წარწერით:

„საუკეთესო დუეტი მე და მოტი @mmott23 Ру.тв-ს ვერსიით! კარგი ნამუშევარია".

წარმატებაზე Instagram-ის საკუთარ გვერდზე დაწერა მოტმაც.

„მოვაკვარახჭინეთ გუშინ @meladzevalerian-თან ერთად „საუკეთესო დუეტზე" @ru_tv-ს ვერსიით. მადლობა ჩვენს მაფიას, ქართულ მაფიას @meladzemusic და ყველას, ვინც ჩვენ სიმღერას მისცა ხმა", – წერს რეპერი.

სიმღერის Сколько лет კლიპმა YouTube-ის ვიდეოჰოსტინგზე 13 მილიონზე მეტი ნახვა მოიპოვა, მოწონების რაოდენობა კი 67 ათასს აჭარბებს.

მოტი მრავალი ჰიტის ავტორია, მათ შორისაა Муссоны, Капкан, По буквам, Соло, На дне, Свадебная, Она не твоя და სხვ. ის ხშირად გამოდის სხვა შემსრულებლებთან ერთად.

ვალერი მელაძე წარმოშობით ბათუმელია. მას პოპულარობა მოუტანა სიმღერამ Не тревожь мне душу, скрипка… ასევე 1995 წელს გამოსულმა მისმა პირველმა სოლო ალბომმა Сэра. ვალერის მრავალი სიმღერის ტექსტისა და მუსიკის, არანჟირების ავტორია მისი ძმა კონსტანტინე მელაძე.