რა ვქნათ თუ ლარის რყევა „ჯიბეს ურტყამს"

ლარი უფასურდება! ხელისუფლება და ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ საგანგაშო არაფერი ხდება. მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი აცხადებს, რომ ეს ჯანსაღი პროცესია... როგორია ანალიტიკოსების შეფასება, რა ელის ეროვნულ ვალუტას?
Sputnik

სამსონ ხონელი

არ ვიცი, რა უნდა გითხრათ ან რითი გაგახაროთ?! ვერაფრით მოგვგვრით სიმშვიდეს... სავალუტო ჯიხურების შემხედვარეს უთუოდ გული დაეწვება მკითხველს. ვარდობისთვე უიღბლო გამოდგა. გარბის ლარი, გნებავთ იძირება, თუმცა კი, რა მნიშვნელობა აქვს, როგორ მოინათლება ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესი... მთავარი შედეგია. ფაქტია, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს საბანკო ვალდებულება გაუძვირდა, რადგან საკრედიტო პორტფელში ჯერ კიდევ ძალზე მაღალია დოლარიზაციის კოეფიციენტი... ბოლო რამდენიმე წელია, რაც ლარის რყევებით განებივრებული ვართ. არც ის არის უცხო, რომ  ეროვნული ვალუტა ახალ-ახალ „რეკორდებს“ ამყარებს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლება და ეროვნული ბანკი გვამშვიდებს, რომ განსაკუთრებული და თანაც საგანგაშო არაფერი ხდება. მათი შეფასებებით, პოზიტიურია ყველა ის მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც ლარის კურსის ფორმირებაზე გავლენას ახდენს, ხოლო გაუფასურების ეს ეტაპი ძირითადად საერთაშორისო ფაქტორებს უკავშირდება და დიდხანს არ გასტანს. მთავრობა დარწმუნებულია, რომ პროცესი ლარის მსყიდველობით უნარზე არ აისახება.

პოლიტიკური „კუწურიეს“ დაწუნებული სამოსი, ანუ „ოცნება“ ისევ მოდაშია?

ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს კიდევ ერთხელ შეგვახსენოს, რომ ჩვენში მცურავი გაცვლითი კურსი მოქმედებს და მისთვის მოკლევადიან პერიოდში ასეთი მერყეობა დამახასიათებელია. რაც შეეხება ლარის მორიგი გაუფასურების შესაძლო შედეგს, კობა გვენეტაძის განმარტებით, მცდარია ანალიზი, თითქოს ეს ინფლაციის დიდ ზრდას გამოიწვევს. „მნიშვნელოვანია, რა მიმართულებით და რატომ ქმნის გაცვლითი კურსი პრობლემას. ესაა დოლარიზაციის პრობლემა. ხელისუფლების და ეროვნული ბანკის ღიად გაცხადებული პოლიტიკაა დედოლარიზაცია“, - აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ეხმაურება მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი. მერსი ტემბონის შეფასებით, ლარის კურსის რყევები ჯანსაღი პროცესის ნაწილია. „თუ გვინდა, რომ საქართველო თავისუფალი ღირებულებების ჯაჭვის წევრი იყოს, ეს დადგენილი მცურავი კურსი არის სწორი გადაწყვეტილება. ასეთ პირობებში, კურსის დარეგულირებაში ჩარევა არ იქნება გამართლებული. გადაწყვეტილებები და დამოკიდებულება, რომელიც არჩეული აქვს ეროვნულ ბანკს, სწორია. მომავალში ეკონომიკის კიდევ უფრო დივერსიფიკაცია ხელს შეუწყობს ვალუტის დასტაბილურებას“, - განაცხადა მერსი ტემბონმა.

საპროცენტო განაკვეთები... ანუ რა ღირს ფული საქართველოში?

რა გინდა, რომ ასეთ დროს იღონო, როცა ჯანსაღი პროცესი „ჯიბეს ურტყამს“ და ყოველდღიურად გაღარიბებს?! გაგებით უნდა მოეკიდო, ალბათ...

საინტერესოა, როგორია ანალიტიკოსების შეფასება. მათი უმრავლესობა იზიარებს პოზიციას, რომ ლარის გაუფასურების მორიგი ტალღა რეიონის ქვეყნებში ეროვნული ვალუტების, პირველ რიგში თურქული ლირის მკვეთრ ვარდნას უკავშირდება. თურქეთი ჩვენი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა, მეტიც, ის პირველია უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის -13.6 პროცენტიანი წილით. მეორე ადგილზე რუსეთია 11 პროცენტიანი წილით. ანალიტიკოსების განმარტებით, ღია

ეკონომიკის პრინციპიდან გამომდინარე, თურქული ლირის დასუსტება და რუსეთზე ამერიკული სანქციების ზეგავლენა ლარის კურსზეც აისახება.  

უზრუნველი სიბერე თუ უალტერნატივო ძარცვა - რას მოიტანს საპენსიო რეფორმა

ანალიტიკოსი ლადო პაპავა: „როცა თურქეთში ლირა უფასურდება ეს უკვე ქმნის იმის მოლოდინს, რომ ამას აუცილებლად მოჰყვება ლარის გაუფასურებაც. ბუნებრივია, რომ ზოგიერთი ფინანსური ჯგუფი ამ ვითარებას თავის სასარგებლოდაც იყენებდეს და ამ მოლოდინის გათვალისწინებით ლარს უფრო მალე „აუფასურებს“, ვიდრე ეს მოხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ ამ ორ ქვეყენას შორის არსებული ეკონომიკური კავშირების გზით. ასეთ ვითარებაში, განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეროვნულ ბანკს, როგორც საბანკო სექტორის ზედამხედველს...“

საგულისხმოა, რომ ანალიტიკოსთა შეფასებებით, ეროვნული ვალუტის ვარდნის ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები არ არსებობს. კერძოდ, შემცირებულია სავაჭრო ბრუნვის დეფიციტის მაჩვენებელი. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, 1592.8 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3 პროცენტია და 2018 წელთან შედარებით 7 პროცენტით არის შემცირებული. გასულ წელთან შედარებით 10.4 პროცენტით გაიზარდა ფულადი გზავნილების მოცულობა, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები კი გაზრდილია 16 პროცენტით. ექსპერტ-ანალიტიკოსები არც სხვა ფაქტორებს უჩივიან. 2019 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, ბანკებმა შეიძინეს 4.54 მილიარდი და გაყიდეს 5.02 მილიარდი ამერიკული დოლარი. ბალანსი დადებითია. ბუნებრივია, სავალუტო ოპერაციები ლარის კურსზე ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენდა. ანალიტიკოსების შეფასებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც არ არის დაბალი. ასე, რომ უარყოფითად ვერც ეს ფაქტორი იმოქმედებდა. ნიშანდობლივი იყო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ქრისტინ ლაგარდის პოზიტიური შეფასებები ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და ეკონომიკის შემდგომი ზრდის პერსპექტივებზე. ამის კიდევ ერთი დასტურია ის გაუმჯობესებული საერთაშორისო რეიტინგები, რომელიც მიმდინარე წელს ქვეყანას მრავლად მიენიჭა სუვენერული საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესების, ბიზნესის კეთების სიმარტივის თუ ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდის კუთხით.

სანამდე დაეცემა ლარი... ანუ ისევ დაიწყო, აგული?!

ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე: „დღეს ლარის კურსში ასახულია უარყოფითი მოლოდინები და ლარის გაუფასურებაც, დროებით მოკლევადიან ხასიათს ატარებს. არაკონვერტირებული ვალუტის მქონე ქვეყნებში, მცირე მოცულობის ბაზრებს ახასიათებთ ნაკლებ პროგნოზირებული, საგარეო შოკების მიმართ შედარებით მკვეთრი სავალუტო რყევევის ამპლიტუდა. შესაბამისად, არა მხოლოდ იურიდიული პირები, არამედ ფიზიკური პირებიც იწყებენ შემოსავლების დოლარში გადაყვანას მათ ეს რეალურად სჭირდებათ თუ არა ამ კონკრეტული მომენტისათვის, მაგრამ ამით არა თუ ვერ აზღვევენ მომავალში სავალუტო რისკებს, არამედ პირიქით-სწორედ ამით ახდენენ უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის ხელოვნურ სტიმულირებას...“

ლარის გაუფასურება აისახება გაძვირებულ იმპორტულ საქონელზე და მომსახურებაზე, მაგრამ ექსპერტ-ანალიტიკოსების უმრავლესობის მოსაზრებით, მოკლევადიან პერიოდში პროდუქციის მოსალოდნელი გაძვირების შიშით, კურსი კი არ უნდა დაკორექტირდეს იმპორტისაკენ, თუნდაც სავალუტო ინტერვენციების გამოყენებით, არამედ პირიქით − იმპორტი უნდა დაკორექტირდეს კურსის ახალ ნიშნულზე, მით უმეტეს მათი არც თუ მცირე ნაწილი ბაზარზე საკმაოდ მაღალი მარჟით ოპერირებს. ფასების ზრდაზე აქცენტიც არასწორია, რადგან თუ საქონელი გაძვირდება ისევ იმპორტიორებისათვის იქნება წამგებიანი, მათთვის გაყიდვებიც და შესაბამისად მოგებაც შემცირდება...