მსოფლიოს სახელმწიფოების დედაქალაქებში ქართული დროშები ფრიალებს

კონცერტები, საზეიმო ღონისძიებები, შენობებისა და ხიდების განათება დროშის ფერებში - ასე ულოცავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები
Sputnik

ასე მაგალითად, 26 მაისის აღსანიშნავად ბრიუსელის ცნობილი შადრევნის, Manneken Pis–ის ბიჭუნა ქართულ ჩოხაში გამოაწყეს, რამაც ბელგიის დედაქალაქის მცხოვრებნი და სტუმრები დიდად დააინტერესა.

მსოფლიოს სახელმწიფოების დედაქალაქებში ქართული დროშები ფრიალებს

ერევანში შენობებზე საქართველოს დროშები გამოფინეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დროშის ფერებში განათდა ვილნიუსის ცენტრში მდებარე ხიდი, ხოლო ქალაქ კაუნასში - ქრისტეს აღდგომის ტაძარი. ვილნიუსის ცენტრში ლუკიშკესის მოედანზე საქართველოს დროშები გამოიფინა.

აღსანიშნავია, რომ 29 მაისს საქართველოს საელჩო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საზეიმო მიღებას გამართავს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ქართული დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.

მიწვეული სტუმრების წინაშე წარდგებიან ანსამბლები „ქართული ხმები“ და „რუსთავი“.

ღონისძიება ასევე საქართველოს და ლიეტუვის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს მიეძღვნება.

საქართველოს დროშები ირლანდიაშიც გამოჩნდა. დუბლინის ცენტრში მდებარე კონგრესის ცენტრი საქართველოს დროშის ფერებშია განათებული. ირლანდიაში ქართული დროშები 23 მაისს გამოიფინა და ადგილზე 27 მაისის ჩათვლით დარჩება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის პატივისცემის ნიშნად დუბლინში ქართული დროშები ზედიზედ მეოთხე წელია გამოიფინება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ფილადელფიის მერიის ეზოში ქართული დროშა საზეიმო ვითარებაში აღიმართა.

ღონისძიების ფარგლებში ფილადელფიის მერმა ჯიმ კენიმ ხელი მოაწერა პროკლამაციას, რომლის თანახმად 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულად გამოცხადდა.

მსოფლიოს სახელმწიფოების დედაქალაქებში ქართული დროშები ფრიალებს

ადგილობრივმა ქართულმა ანსამბლებმა სტუმრების წინაშე ქართული სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.

დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება. საზეიმო ღონისძიებები ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.