„დორა“ – 11 წლის გიორგი შეშაბერიძის „მამალოები“ წარსულიდან

„მამალო“ – ეს ტკბილეულობა ბევრთან ბავშვობასთან ასოცირდება. გორში მცხოვრები 11 წლის  გიორგი შეშაბერიძისთვის კი „მამალოები“ შემოსავლის წყარო გახდა.  მოზარდმა ყველასთვის ნაცნობი  და საყვარელი ნუგბარი „მამალოს“ დამზადება  სახლში დაიწყო...
Sputnik

ნინი რაზმაძე

– გიორგი როდის დაიწყე  მამალოების გაკეთება?

– „მამალოების“ უკვე ორი წელია რაც ვამზადებ.  ძალიან რთული მატერიალური პერიოდი ჰქონდა ჩემს ოჯახს და ვიფიქრე,  დავხმარებოდი როგორც  შევძლებდი. ერთხელ, გვიან ღამით მომინდა ტკბილეული, სახლში არაფერი გვქონდა, მამამ მოიფიქრა და შაქრით გამიკეთა მამალო. ძალიან მომეწონა და მთელი ღამის განმავლობაში ვფიქრობდი ამაზე და გადავწყვიტე „მამალოები“ ჩემს ბიზნესად მექცია.  

– როგორ ამზადებ „მამალოებს“?

– „მამალოებს“ თავისუფალ დროს,  სკოლიდან დაბრუნების შემდეგ ვამზადებ. დამზადების ტექნოლოგია Youtube-დან ვისწავლე.  თავიდან 30 „მამალოს“ ვაკეთებდი,  ახლა კი დღეში 700-მდე ვამზადებთ  და  გორის სხვადასხვა მაღაზიაში ვაბარებ. ბევრი შრომა დამჭირდა ამ ყველაფრის მისაღწევად. ამ ეტაპზე დასაქმებული მყავს ორი  ქალბატონი, დედა, მამა და ვაპირებ საწარმოს გახსნასაც.

– პირველი აღებული თანხა რაში დახარჯე?

– პირველი „მამალო“ უბნის მარკეტში ჩავაბარე და წარმატებით გაიყიდა, რამაც მეტი სტიმული მომცა. პირველი აღებული თანხით ვიყიდე ყალიბები, რომლებიც  ჩემი ბიზნესისთვის მჭირდებოდა, დანარჩენი თანხით კი ჩემს პატარა დაიკოს ვუყიდე საწოვარა. 

„დორა“ – 11 წლის გიორგი შეშაბერიძის „მამალოები“ წარსულიდან

– რა რეაქცია  ჰქონდა ოჯახს,  როდესაც ასეთ პატარა ასაკში საკუთრი ბიზნესი დაიწყე?

– რაც შეეხება საზოგადოებას და ახლობლებს, თავიდან ეგონათ, რომ მხოლოდ  „მამალოთი“ შემოვიფარგლებოდი, ის კი არ იცოდნენ, რომ  „მამალოს“ „დედალოც“ მოყვებოდა,  „დედალოს“ – წიწილები.  წიწილებს კი,  როგორც ამბობენ,  შემოდგომაზე ითვლიან. მეც ასე ნელ-ნელა  გავასერიოზულე ჩემი ბიზნესი.

– ლამაზი სახელი აქვს შენს  „მამალოებს“, რატომ „დორა“?

– სახელზე ბევრი არ მიფიქრია, „დორა“ ჩემი დის სახელია და სწორედ მის საპატივცემულოდ დავარქვი. 

„დორა“ – 11 წლის გიორგი შეშაბერიძის „მამალოები“ წარსულიდან

– მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით არჩევანი უკვე გააკეთე?

– სანამ „მამალოების“ დამზადებას დავიწყებდი, მსახიობობაზე ვოცნებობდი. ვფიქრობ, მომავალში ამ ოცნებას აუცილებლად ავისრულებ და მსახიობი გავხდები.

– არ გაგიჭირდა საქმის წამოწყება?

– „მამალოებს“ მარკეტებში ვაბარებ. თავიდან ბევრმა არასერიოზულად  მიიღო ჩემი ბიზნესი. ზოგი მაღაზია  არც იბარებდა ჩემს პროდუქციას, თუმცა,  მოკლე პერიოდში მივაღწიე იმას, რომ ყველა მთხოვდა ჩემი „მამალოები“  მათ მაღაზიაში მიმეტანა.

– შეკვეთებს იღებ?

– კი,  შეკვეთებს ვიღებ თანაც იმდენს, რომ დამზადებას ზოგჯერ ძლივს ვასწრებთ. მიკვეთავენ სკოლები, ეთნოგრაფიული მუზეუმები, სხვადასხვა საბავშვო–გასართობი ცენტრები. 

„დორა“ – 11 წლის გიორგი შეშაბერიძის „მამალოები“ წარსულიდან

– როგორ ფიქრობ,  რატომ  გახდა შენი „მამალოები“ ასეთი პოპულარული?

– ჩემი „მამალოს“ პოოულარობა, ვფიქრობ, პირველ რიგში, ასაკით პატარა მეწარმის სტატუსმა განაპირობა. ჩემი „მამალოები“ ნატურალურია, არ ვიყენებ გემოებს და არომატიზატორებს და ვმუშაობ საკონდიტრო საღებავებით. დედა მიყვებოდა, რომ „მამალოები“ მის ბავშვობაში იყიდებოდა და ყველას ძალიან უყვარდა. ვფიქრობ,  ძველის დაბრუნება ახალი თაობის პატარებისთვის საინტერესოა.  

„დორა“ – 11 წლის გიორგი შეშაბერიძის „მამალოები“ წარსულიდან

– სამომავლო გეგმები გაგვიზიარე?

– სამომავლოდ ვფიქრობ ადაპტირებული საწარმო ავაშენო და დავასაქმო სოციალურად დაუცველი ადამიანები და შშმ პირები. ვოცნებობ საკუთარ სახლზე. ძალიან მინდა მალე გავახარო მშობლები და დავეხმარო მათ ბინის შეძენაში.