სჯობს პენსია, ვიდრე გამოცდა - აჭარაში ათობით მასწავლებელმა არჩევანი გააკეთა

საპენსიო ასაკის სკოლის მასწავლებლები განათლების სამინისტროს მაცდუნებელ წინადადებას დასთანხმდნენ
Sputnik

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. აჭარაში საპენსიო ასაკის 320-ზე მეტი სკოლის მასწავლებელმა „მინიმალური კომპეტენციის“ სავალდებულო გამოცდის ჩაბარებას ფულადი კომპენსაციის აღება და სამსახურიდან წასვლა ამჯობინა.

საქართველოში მასწავლებლებს ხელფასებს გაუზრდიან - დეტალებზე მინისტრმა ისაუბრა >>

ყველა დანარჩენი პედაგოგისთვის ეს გამოცდა სავალდებულო არ არის. მისი წყალობით შესაძლებელია საფეხურის ამაღლება და უფრო მაღალი ხელფასის მიღება. საქართველოში სკოლის მასწავლებლები ოთხ კატეგორიად იყოფიან: პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი მასწავლებლები, მეორეზე - უფროსი მასწავლებლები, მესამეზე - წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე კი - მენტორები.

კრისტინ ლაგარდი: საქართველო ტრანსფორმაციის ისტორიას წერს

რაც შეეხება საპენსიო ასაკის პრაქტიკოს-მასწავლებლებს, მათ შორის დამსახურებულ პედაგოგებს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მათ მნიშვნელოვანი ფულადი თანხა შესთავაზა. გამოცდის ჩაბარებაზე უარის ან მისი წარუმატებელი გავლის შემთხვევაში, ისინი მიიღებენ ერთჯერად ფულად ჯილდოს ორი წლის ხელფასის ოდენობით.

სახელმწიფო ამ თანხების გაცემას 2019 წლის სექტემბრამდე დაიწყებს.

321 მასწავლებლიდან, რომლებმაც გამოცდის ჩაბარებაზე უარი განაცხადეს, 82 ასწავლის ხულოს რაიონში, 78 - ქობულეთის, 73 - ბათუმში, 44 - ქედის რაიონში, 36 - შუახევის რაიონში, 8 - ხელვაჩაურის რაიონში. მათ ნაცვლად კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან ახალი პედაგოგები, რომლებსაც დროებით შრომით ხელშეკრულებას გაუფორმებენ.

ბახტაძე: ფული უნდა დაიხარჯოს არა არჩევნებისთვის, არამედ ქვეყნის მომავლისთვის >>

საქართველოში საპენსიო ასაკი ქალებისთვის 60 წელია, მამაკაცებისთვის - 65.

აჭარის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებში კადრების დეფიციტს არ გამორიცხავენ.

რა ბედი ელის 67 ათას პედაგოგს – ხელისუფლება განათლების ძირფესვიან რეფორმას იწყებს

„უფროსი სპეციალისტების დეფიციტი განსაკუთრებით შეინიშნება ისეთ საგნებში, როგორიცაა ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა, ბიოლოგია. განსაკუთრებით მწვავედ დგას საკითხი რუსულენოვან სექტორში. არაა გამორიცხული, რომ მაღალმთიან სოფლებში ანალოგიური პრობლემები შეიქმნას, რადგან იქაც უმრავლესობა პრაქტიკოსი მასწავლებელია“, - განაცხადა ქობულეთის რესურს-ცენტრის უფროსმა ნინო მახარაძემ.

აჭარის სკოლების დირექტორები იმედს იტოვებენ, რომ კერძო სექტორში მომუშავე ახალგაზრდა კადრებსა და პედაგოგებს მოიზიდავენ.

„კერძო სექტორში მომუშავე პედაგოგების ინტერესი სახელმწიფო სკოლებისადმი ამაღლდება. ასევე უნივერსიტეტებს მასწავლებელთა მომზადების პროგრამა გააჩნიათ. ძირითადი გათვლა მიდის სტუდენტებზე, რომლებმაც სხვადასხვა უმაღლესი საფეხურები დაასრულეს, მაგრამ პედაგოგობა სურთ. მათ ამ პროგრამის გავლა და შემდეგ გამოცდის ჩაბარება შეუძლიათ. ამ ადამიანების იმედი მაქვს“, - განაცხადა ბათუმის №1 სკოლის დირექტორმა ნატალია მგელაძემ.

„ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა" – პრემიერი პედაგოგების ხელფასების შესახებ >>

73 წლის ბათუმელი მასწავლებლის, ნუნუ დონაძის თქმით, ის მუშაობას კიდევ ორი წლის განმავლობაში აპირებდა, მაგრამ განათლების სამინისტროს მაცდუნებელ წინადადებაზე უარი ვერ თქვა. ის სკოლაში უკვე 49 წელია მუშაობს.

„სიმართლე გითხრათ, სკოლაში დარჩენას კიდევ ორი წელი ვაპირებდი. მაგრამ ეს წინადადება საკმაოდ მაცდუნებელია და თუ ეს წინადადება ძალაში იქნება, დღესვე მზად ვარ ადგილი ახალგაზრდა თაობას დავუთმო“, - განაცხადა დონაძემ.

სამინისტრო განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის მორიგ ეტაპს იწყებს. რეფორმის მთავარი მიზანი ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნაა, რომელიც მოსწავლეებს თანამედროვე სამყაროში აუცილებელ ცოდნასა და უნარებს ჩაუნერგავს. სამინისტროში დარწმუნებული არიან, რომ ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია მაღალკვალიფიციური, მოტივირებული, ძლიერი პედაგოგების მეშვეობით, რომელთაც ღირსეული ხელფასი ექნებათ.

„ეს ციფრი უპრეცედენტოა" – რა თანხაა საჭირო ქართული სკოლების განვითარებისათვის

დღესდღეობით პედაგოგების საშუალო ხელფასი საჯარო სკოლებში ათას ლარამდეა, საშუალო ნომინალური ხელფასი საქართველოში, 2018 წლის მონაცემებით, 1124 ლარია.

2019 წლის სექტემბრიდან ყველა უფროს მასწავლებელს, წამყვან მასწავლებელსა და მენტორს ხელფასს 150 ლარითა და მეტით მოუმატებენ. გარდა ამისა, მასწავლებლების ხელფასი ყოველ წელს გაიზრდება. მინისტრის სიტყვებით, 2022 წლისთვის საქართველოში პედაგოგების საშუალო ხელფასი 1500 ლარს მიაღწევს.