თბილისი, 25 მაისი — Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში სოფლები დაისეტყვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, სეტყვამ 15–ზე მეტი სოფელი დააზარალა. მათ შორის არის ტყვიავი, შინდისი, ქერე, მერეთი, დიცი, ნიქოზი და სხვა.
სეტყვის შედეგად დაზიანდა ხეხილის და ბოსტნეულის ბაღები. სეტყვა სოფლებში თითქმის ათი წუთის განმავლობაში გადაუღებლად გრძელდებოდა.
არსებული ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში. აქ ძლიერმა სეტყვამ მოსავლის თითქმის 100% გაანადგურა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავებიც.
ადგილობრივები ამბობენ, რომ წელს ძალიან გაუჭირდებათ, რადგან საარსებო წყაროს გარეშე დარჩნენ და დახმარებას მთავრობისგან ითხოვენ.