თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ძლიერმა ქარმა ბათუმში პრობლემები შექმნა, იუწყება აჭარის ტელევიზია.
გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და სახლებს სახურავი გადახადა.
ასევე, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან ამწე კრანისა და სხვა დამხმარე კონსტრუქციის ნაწილი ჩამოვარდა, რის გამოც დაზიანდა მიმდებარედ მდგომი ავტომანქანები.
ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის მანქანა დაზიანდა, თუმცა თვითმხილველები ამბობენ, რომ მათი რაოდენობა საკმაოდ ბევრია.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ჯგუფები შემთხვევის ადგილებზე იმყოფებიან. მათი განცხადებით, სამსახურში რამდენიმე შეტყობინება შევიდა. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ქარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ბათუმში ქარის მაქსიმალური სიჩქარე შეადგენდა 26 მეტრს წამში, რაც ძლიერი ქარის კატეგორიას განეკუთვნება.