თბილისი, 25 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ გასაღების მცდელობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული ს. ა. დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ს.ა.-მ შემდგომი რეალიზაციის მიზნით, უკანონოდ შეიძინა 43 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება „ალფა პვპ".
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, ჯიქიას ქუჩის მიმდებარედ, სასაფლაოებთან ახლოს, ტყის მასივში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ნარკოტიკის მცირე შეკვრების სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსებას ცდილობდა.
პოლიციამ, ს.ა.-ს ავტომანქანის ჩხრეკისას, 43 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.