საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი გაიმართება

ღვინის ქვევრში დაყენების ქართული მეთოდი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეყვანილი.
Sputnik

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი თბილისში უკვე მესამედ გაიმართება, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

კონკურსი 21-22 ივნისს ჩატარდება. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი ქვეყნის ღვინის ქვევრში მწარმოებლებს შეუძლიათ. საკონკურსო ნიმუშებს განიხილავენ ჟიურის წევრები, რომელიც დაკომპლექტდება როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტებით. განაცხადების მიღება 14 ივნისამდე იწარმოებს.

გაცოცხლებული ქართული ღვინის ისტორია ბორდოში

„კონკურსის მიზანს მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელშეწყობა, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს", – ნათქვამია განცხადებაში.

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში პირველად 2017 წელს ჩატარდა. მას შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების ინტერესი ქვევრში ღვინის დაყენების მიმართ. 2018 წელს კონკურსზე, პირველ კონკურსთან შედარებით, 25%-ით მეტი ღვინის ნიმუში გაისინჯა და შეფასდა, აღნიშნავენ ორგანიზატორები.

კონკურსი ასოციაცია „ქართული ღვინის", გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდება. კონკურსის ჩატარების ადგილი ზუსტდება.

ღვინის დამზადების ტრადიცია საქართველოში რვა ათას წელს ითვლის. 2017 წელს საერთაშორისო სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ მეღვინეობის სამშობლო საქართველოა.

ღვინის ქვევრში დამზადების ქართული მეთოდი იუნესკოს მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.