ქართველი სუმოისტი ტურნირზე ზედიზედ მეორედ დამარცხდა

ტოჩინოშინს ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად ერთი გამარჯვება სჭირდება
Sputnik

თბილისი, 23 მაისი - Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინმა) ტოკიოში ზაფხულის ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა.

მე-12 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი ხვდებოდა დასავლეთის მეშვიდე მაეგაშირას - მეისეიემს, და ბევრი სპეციალისტისათვის მოულოდნელად დამარცხდა - მეტოქემ ჩვენი სუმოისტი ჭილოფიდან ერთი ამოსუნთქვით გააძევა.

ეს დამარცხება ტოჩინოშინისთვის ამ ნაცუ ბაშოზე მესამე გახდა და ახლა მისი ბალანსია 9-3. ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად, რომელიც ქართველმა სპორტსმენმა გაზაფხულის ჰარუ-ბაშოზე დაკარგა, გორგაძეს სამიდან ერთი შერკინების მოგება სჭირდება.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე გახდება ნაცუ ბაშოს ერთ-ერთი ლიდერი - დასავლეთის მერვე მაეგაშირა - ასანოიამა (ჰიროკი ისიბასი). იოკოძუნა კაკიურუს მსგავსად, ასანოიამამ ტურნირზე 12-დან 10 შეხვედრა მოიგო.

ტოჩინოშინი და ასანოიამა ერთმანეთს სულ ერთხელ შეხვდნენ და გამარჯვება ქართველმა სუმოისტმა მოიპოვა.