პრემიერი: საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მთაწმინდაზე მშვიდ გარემოში გაიმართება

პრემიერი კმაყოფილია ცესკო-ს და პოლიციის მუშაობით შუალედურ არჩევნებზე
Sputnik

თბილისი, 23 მაისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დარწმუნებულია, რომ მთაწმინდის ერთმანდატიან ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური წყნარ და მშვიდობიან გარემოში გაიმართება.

კვირას ზუგდიდის, ჭიათურის, ხულოს, ზესტაფონისა და მარნეულის რაიონებში მერების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა; საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ოზურგეთში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ზესტაფონში კი - საკრებულოების შუალედური არჩევნები.  რაც შეეხება საქართველოს პარლამენტს, კენჭისყრა თბილისის ცენტრალურ ვაკის რაიონში, მთაწმინდაზე გაიმართა. 

არჩევნები დასრულდა - ინტრიგა გრძელდება >>

მეორე ტური გაიმართება მხოლოდ მთაწმინდაში, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან კანდიდატი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ ვლადიმერ (ლადო) კახაძე და კანდიდატი ოპოზიციური გაერთიანება „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატებიდან“ შალვა შავგულიძე. პირველმა ტურმა ექსცესების გარეშე ჩაიარა.

„ყველა ოლქში, პირველივე ტურში გაიმარჯვეს ჩვენს მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა. რაც შეეხება მთაწმინდას, აქ გვაქვს ჩვენ მეორე ტური, რომელიც ბუნებრივია, ამავე დროს არის დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების გამოვლინება. მე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების მეორე ტურიც ჩაივლის ისეთივე რეჟიმში, როგორიც იყო პირველი ტური - მშვიდობიანად, დემოკრატიული სტანდარტების უმაღლესი დაცვით, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები თავის გადაწყვეტილებას და არჩევანს მიიღებენ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მან ცესკო-ს და პოლიციას წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების დროს კარგი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ივანიშვილის დამცავი ფარი“: რას უნდა ველოდოთ „რევოლუციონერებისგან“ საქართველოში >>

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, კახაძემ დააგროვა ამომრჩეველთა 41,01%, შავგულიძემ - 36,84%.

რაც შეეხება მეორე ტურში გამარჯვებულებს, ამ საკითხში ექსპერტების პროგნოზები ერთმანეთისგან განსხვავდება.