საქართველო სამედიცინო განათლების საერთაშორისო ცენტრი ხდება: რა მიზნები აქვს AMEE-ს

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველოს აქვს პოტენციალი, დაახლოებით ორი მილიარდის სამედიცინო სერვისი შესთავაზოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს.
Sputnik

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დარწმუნებულია, რომ სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანა გახდება.

ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

„საქართველო ხდება სამედიცინო განათლების საერთაშორისო ცენტრი, რაც ამავე დროს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია იმისკენ, რომ ჩვენ ეფექტურად ვიყოთ ინტეგრირებული საერთო ევროპულ სივრცეში. AMEE-ს აქვს ორი რეგიონული ცენტრი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი იქნება მესამე, რომელიც ჩვენი რეგიონის გარდა დაფარავს ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს", – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველოს აქვს პოტენციალი, დაახლოებით ორი მილიარდის სამედიცინო სერვისი შესთავაზოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს.

მისი თქმით, ხელისუფლებამ იმ სამედიცინო პროფესიების იდენტიფიცირება მოახდინა, რომლებზეც 10 წლის შემდეგ კიდევ უფრო მეტი მოთხოვნა იქნება. გამომდინარე აქედან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მომავალი თაობებისთვის უმაღლესი ხარისხის განათლების მიცემისა და პროფესიონალებით მომარაგების საქმეში.

„[ეს] საშუალებას მოგვცემს, საქართველოში შევქმნათ ძალიან წარმატებული სამედიცინო სფერო, რომლითაც იამაყებენ არა მხოლოდ საქართველო და ჩვენი მოქალაქეები, არამედ ის გახდება ხარისხის გარანტი ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვისაც. ვფიქრობ, AMEE-ის დღევანდელი გადაწყვეტილებით ამ ნაბიჯის განხორციელება თითოეულ ჩვენგანს კიდევ უფრო გაუადვილდება", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა განათლებაზე, როგორც ეროვნულ იდეაზე და აღნიშნა, რომ ეს არის გარანტია იმისა, რომ „21-ე საუკუნეში საქართველო იქნება წარმატებული ქვეყანა“. 

ბახტაძე პარლამენტში სიტყვით მაისის ბოლოს გამოვა

„მე ძალიან ბევრი კრიტიკაც მომისმენია ჩემი ინიციატივის, რომლის მიხედვითაც, ჩვენი ბიუჯეტის მეოთხედი უნდა მივმართოთ განათლებისკენ... ღრმად მწამს, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა და გარანტი იმისთვის, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, იქნება წარმატებული 21-ე საუკუნეში. ბუნებრივია, სამედიცინო საზოგადოება, ისევე, როგორც იყო ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში, იქნება ამ პროგრესის ავანგარდში", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოში AMEE-ის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ძირითადი მიზანი იქნება სამედიცინო განათლების თანამედროვე მეთოდოლოგიების გაზიარება, თემატური ტრენინგების ჩატარება რეგიონის უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალის, სამედიცინო განათლების ექსპერტების და სხვა დაინტერესებული სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის.