გახარიამ ცხრა წლის დაჩი გულუა საკუთარ სამუშაო ოთახში მიიწვია

დაჩი გულუამ შინაგან საქმეთა მინისტრს წერილით მიმართა.
Sputnik

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ცხრა წლის დაჩი გულუას შეხვდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მინისტრმა ბავშვი თავის სამუშაო კაბინეტში მიიღო.

ცხრა წლის ბიჭმა ქალები დაიცვა და გიორგი გახარიასთან შეხვედრა დაიმსახურა>>

„ძალიან საქმიანი და პროდუქტიული შეხვედრა გამოვიდა! დაჩი კმაყოფილია", – ამბობს ბავშვის დედა.

დაჩი გულუამ გიორგი გახარიას წერილით მიმართა. ბავშვმა გახარიას საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურების დატანა სთხოვა. წერილი ბავშვის დედამ, ნათია ანასტასიადმა „ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა:

„ბატონო გიორგი, მე ვარ დაჩი გულუა, 9 წლის. შევამჩნიე, რომ ყველა საგზაო ნიშანზე კაცის ფიგურაა გამოსახული. ვფიქრობ, რომ ეს ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა. ქალაქში ფეხითაც და მანქანითაც ქალები და კაცები ერთნაირად დადიან, ამიტომ გთხოვთ საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურაც გამოსახოთ", – წერდა დაჩი წერილში.

მინისტრის პასუხმა არ დააყოვნა. მათ მალევე დაუკავშირდნენ სამინისტროს წარმომადგენლები და შეხვედრის დროც დანიშნეს.