თბილისში ქმარს მეუღლე და შვილები ჩაკეტილი ჰყავდა და მოკვლით ემუქრებოდა

სამართალდამცველებმა ბინაში სპეცტექნიკის გამოყენებით შეაღწიეს და მამაკაცი დააკავეს.
Sputnik

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი მუქარის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ოჯახური ძალადობის ბრალდებით ორი მამაკაცი დააკავეს

გამოძიების ცნობით, თბილისში 36 წლის მამაკაცს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჰყავდა ჩაკეტილი, რომლებზეც ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

სამართალდამცველები შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადნენ ადგილზე. პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად მამაკაცი არ გამოდიოდა კავშირზე და კარს არ აღებდა. გამოძახებული იქნა სამართალდამცველთა დამატებითი ჯგუფები. საბოლოოდ ბინაში სპეცტექნიკის გამოყენებით შეაღწიეს და მამაკაცი დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულის ოჯახს საფრთხე აღარ ემუქრება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი მუქარის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 11-პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.