ჩაწყობილი მატჩების საქმე – სასამართლომ აღკვეთის ზომა განსაზღვრა

გარიგებული საფეხბურთო მატჩებისთვის დაკავებულებიდან შვიდი გირაოთი გათავისუფლდა.
Sputnik

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაწყობილ საფეხბურთო მატჩებთან დაკავშირებით დაკავებული 11 პირიდან ოთხი პატიმრობაში დატოვა, დანარჩენები კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, იუწყება პირველი არხი.

გირაოს საფასური თითოეულისთვის 10 ათას ლარს შეადგენს.

არა ჩაწყობილ მატჩებს! პარლამენტი კანონს შეიმუშავებს

გარიგებული მატჩების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) ანტიკორუფციულმა სააგენტომ რვა მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელი დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით" – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე. გარიგებული მატჩების სანაცვლოდ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 93,5 ათასი ლარი.

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით), რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.