რუსთაველის თეატრი მოსკოვში გასტროლებზე მიდის

მაყურებლები ნახავენ სპექტაკლს „ვანო და ნიკო“ – ახალგაზრდა მამაკაცების ისტორიას, რომლებსაც მობეზრდათ იყონ ერთი – კეთილი და მეორე – ბოროტი, და ადგილების გაცვლა გადაწყვიტეს.
Sputnik

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი სახელოვანი რეჟისორის რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით 8 და 9 ივნისს „მოსსოვეტის“ სახელობის მოსკოვის თეატრის სცენაზე წარდგება.

რუსი მაყურებელი ქართული დასის შესრულებით იხილავს ერლომ ახვლედიანის მოთხრობების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „ვანო და ნიკო“. სპექტაკლის ჩვენება გაიმართება ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, რომელიც 14 მაისს დაიწყო და 21 ივნისს დასრულდება.

„აქ რომ გეცხოვრა, ახლა სახლში იქნებოდი“: ქართველი მხატვრების ნამუშევრებს მოსკოვში ნახავენ

სპექტაკლის რეჟისორია რობერტ სტურუა. დადგმა ასაკობრივი შეზღუდვით 16+ ქართულ ენაზე გავა, რუსული სუბტიტრებით. ერლომ ახვლედიანის მოთხრობების მიხედვით პიესა სტურუამ თავად დაწერა.

„უცნაური, მეტაფორული არაკების კრებულმა ყოველგვარი „იგავური მორალის“ გარეშე რეჟისორი შთააგონა გადააფასოს ვანოს და ნიკოს ისტორია – ახალგაზრდა მამაკაცების, რომლებსაც მობეზრდათ იყონ ერთი – კეთილი და მეორე – ბოროტი. მათ ადგილების შეცვლა გადაწყვიტეს და ვანო ბოროტი გახდა, ხოლო ნიკო – კეთილი“, – ნათქვამია მოსკოვის თეატრის ვებ-გვერდზე ანონსში.

სპექტაკლის ანონსში მაყურებელს ჰპირდებიან ემოციურ ფილოსოფიურ სპექტაკლს ცხოვრების პარადოქსული და მოულოდნელი დინების შესახებ. დადგმას „ვანო და ნიკო“ უწოდებენ პოეტურ, მეტაფორულ, ბრძნული ირონიით, სიყვარულით და ქართული კოლორიტით სავსეს.

„დიახ, ახლა ხშირად ვდგამ ქართულ პიესებს. ბოლო დროს საქართველოში იმდენი მოვლენა მოხდა, რომ მინდა კონკრეტულად გავერკვიო მათში. რაც არ უნდა მოხდეს, როგორი არეულიც არ უნდა იყოს ერთმანეთში სიკეთე და ბოროტება, როგორი რთული გასარკვევიც არ უნდა იყოს მიმდინარე მოვლენები, მაინც რჩება ჭეშმარიტებები, რომლებიც არ იცვლება. სიკეთე ყოველთვის დარჩება სიკეთედ, ბოროტება – ბოროტებად. და თუ ზოგჯერ ბოროტება იმარჯვებს, საბოლოო ჯამში მაინც სიკეთე გაიმარჯვებს“, – მოჰყავთ ორგანიზატორებს რობერტ სტურუას ციტატა.

მოსკოვის თეატრი „სოვრემენიკი" თბილისში გასტროლებს იწყებს

სპექტაკლში „ვანო და ნიკო“ ჟღერს გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის და თანამედროვე ავტორის ნიკა მაჩაიძის მუსიკა. დადგმაში როლებს ასრულებენ მსახიობები სანდრო მიკუჩაძე, დავით დარჩია, მიხეილ არჩვაძე და ნინო არსენიშვილი.

რუსთაველის თეატრის წარმოდგენის ბილეთები თეატრის სალაროებში და ონლაინ იყიდება.

ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი პირველად მოსკოვში 1992 წლის შემოდგომაზე გაიმართა. ფორუმი თეატრალური კავშირების საერთაშორისო კონფედერაციამ დააარსა. ის რუსეთის დედაქალაქში ორ წელიწადში ერთხელ იმართება, მისი გენერალური დირექტორია ვალერი შადრინი. ფესტივალმა თავისი ისტორიის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორების, ქორეოგრაფების, მუსიკალური ხელმძღვანელების 500-ზე მეტი სპექტაკლი წარადგინა.