თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის შუალედურ არჩევნებში საკუთარი პოზიცია მთაწმინდის N6-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
მთაწმინდის რაიონის მცხოვრებლები დღეს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ.
პარლამენტის დეპუტატის ადგილი მთაწმინდის რაიონიდან ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2016 წელს არჩეული სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტი გახდა.
თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>
მთაწმინდის რაიონში დეპუტატის სავარძლისთვის 20 კანდიდატი იბრძვის. მთაწმინდაზე დაახლოებით 44 ათასი ამომრჩეველია, რომლებიც დეპუტატობის საკუთარ კანდიდატს ხმას 31 საარჩევნო უბანზე მისცემს.
„დღეს მე ხმა მივეცი იმას, რომ დამთავრდეს პოლიტიკური ჭაობი და ერთფეროვნება ქართულ პოლიტიკაში იმისთვის, რომ მოვიდნენ პატრიოტი ადამიანები ხელისუფლებაში. ჭაობი უნდა დამთავრდეს, რომელმაც გაგვიბედა ჩვენ და გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი არის ავაზაკი. მთაწმინდელებს მინდა მოვუწოდო, რომ ვისაც გესმით და არჩევთ თეთრსა და შავს, ეს სიმართლე გადაიტანეთ საარჩევნო ბიულეტენზე და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი", - განაცხადა მარგველაშვილმა.
დღეს შუალედური არჩევნები თბილისის გარდა ტარდება საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის საკრებულოებში.
მიუხედავად იმისა, რომ მთაწმინდაზე დეპუტატის სავარძლისთვის 20 ადამიანი იბრძვის, პოლიტოლოგების თვალსაზრისით, რეალური კონკურენტი სულ ორია. მთავარი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ კანდიდატებს - ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის.
დღეს გამართულ არჩევნებს აკვირდება 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6,1 ათასზე მეტი დამკვირვებელი და შვიდი საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს კი 45 მედიასაშუალების დაახლოებით 2 ათასი ჟურნალისტი გააშუქებს.
ცესკოს ინფორმაციით, 10:00 საათისთვის ამომრჩევლის ყველაზე დაბალი აქტივობა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა და 4% შეადგინა. ოლქში რეგისტრირებული 43 908 ამომრჩევლიდან, უბანზე 1752 ამომრჩეველი გამოცხადდა.