კომისიის წევრი ამომრჩეველს: გარეთ გადი და კანფეტი იქ მოწუწნე

მთაწმინდაზე დაახლოებით 44 ათასი ამომრჩეველია, რომლებიც დეპუტატობის საკუთარ კანდიდატს ხმას 31 საარჩევნო უბანზე მისცემს
Sputnik

თბილისი, 19 მაისი - Sputnik. გარეთ გადი და კანფეტი იქ მოწუწნე, ჩაიტკბარუნე პირი, ასე მიმართა მთაწმინდაზე მე-4 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა ერთ-ერთ ამომრჩეველს.

საინტერესო დეტალები 19 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე: მთავარი კონკურენტები >>

მანამდე გაირკვა, რომ პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ აქტივისტები მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე კანფეტებს არიგებენ. ტკბილეულზე პარტიის სიმბოლიკაა გამოსახული და წერია „თავისუფლება ტკბილია“. მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „გირჩიდან" ჰერმან საბო იყრის კენჭს.

პარლამენტის დეპუტატის ადგილი მთაწმინდის რაიონიდან ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2016 წელს არჩეული სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

მთაწმინდის რაიონში დეპუტატის სავარძლისთვის 20 კანდიდატი იბრძვის. მთაწმინდაზე დაახლოებით 44 ათასი ამომრჩეველია, რომლებიც დეპუტატობის საკუთარ კანდიდატს ხმას 31 საარჩევნო უბანზე მისცემს.

დღეს შუალედური არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტსა და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ოზურგეთის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ზესტაფონის საკრებულოებში – თითოეულ შემთხვევაში ბრძოლა ერთი დეპუტატის სავარძლისთვის მიდის. პარალელურად იმართება მერების რიგგარეშე არჩევნები ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.

თვალი ადევნეთ Sputnik-საქართველოს ონლაინ-ტრანსლაციას>>>

დღეს გამართულ არჩევნებს აკვირდება 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6,1 ათასზე მეტი დამკვირვებელი და შვიდი საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს კი 45 მედიასაშუალების დაახლოებით 2 ათასი ჟურნალისტი აშუქებს.