თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ჭიათურელები კვირას, 19 მაისს ახალ მერს აირჩევენ.
„პოლიცია რეაგირებას მოახდენს“ - შსს მოსახლეობას არჩევნების წინ აფრთხილებს >>
ჭიათურის მერის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2017 წელს ამ პოსტზე არჩეული პაატა ნადირაძემ 2018 წლის 27 სექტემბერს საკუთარი სურვილით გადადგა.
ჭიათურის რაიონში 42,9 ათასი ამომრჩეველია. მათთვის ცესკო 58 საარჩევნო უბანს გახსნის.
ჭიათურის მერის პოსტზე არჩევის სურვილი 13-მა კანდიდატმა გამოთქვა.
ექსპერტების თვალსაზრისით, ძირითადი ბრძოლა წარიმართება მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატ გივი მოდებაძესა და სამი პარტიის მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატ დავით ჭუმბურიძეს შორის.
მოდებაძეს რაიონის მოსახლეობა კარგად იცნობს. 2000 წლიდან ქალაქში სოციალურ სფეროში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. 2017 წლიდან ის მერის პირველი მოადგილე გახდა, ხოლო ნადირაძის გადადგომის შემდეგ მერის უფლებამოსილებას ასრულებდა.
რაც შეეხება ჭუმბურიძეს, მერის პოსტზე ის არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლი ჭიათურამ“ წარადგინა, ხოლო მხარდაჭერა გამოუცხადეს შემდეგმა პარტიებმა: „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „შენების მოძრაობა“.
პარტია „ევროპული საქართველო“ დააარსეს ავტორიტეტულმა პოლიტიკოსებმა, რომლებმაც რამდენიმე წლის წინ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. „შენების მოძრაობა“ დააარსა მათმა ძველმა მოწინააღმდეგემ, „ქართული ოცნების“ მმართველი კოალიციის ყოფილმა წევრმა და პარლამენტის ექს-სპიკერმა დავით უსუფაშვილმა.
„თავისუფალი დემოკრატები“ ასევე იყვნენ „ქართული ოცნების“ წევრები. მათ კოალიცია მის დაშლამდე ორი წლით ადრე დატოვეს. 2016 წლიდან ქვეყანას ერთპიროვნულად მართავს პარტია, რომელიც კოალიციის ხერხემალს წარმოადგენდა.
მოკლედ რაიონის შესახებ
ჭიათურას საბაგიროების ქალაქს უწოდებენ. ამ რთული რელიეფის მქონე ქალაქში საბაგიროები საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ასევე ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
ჭიათურას ქალაქის სტატუსი 1921 წელს მიენიჭა.
ჭიათურა სამრეწველო ქალაქია. საბჭოთა დროიდან იქ მოიპოვებენ მანგანუმის მადანს, ასევე კვარცის ქვიშას და ქვას. ქალაქთან ახლოს მოიპოვება წითელი, ვარდისფერი და რუხი მარმარილო.
საბაგირო ჭიათურაში
რაიონის მთავარ ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს კაცხის სვეტი - კირქვის 40-მეტრიანი მონოლითი. სვეტზე მდებარეობს ეკლესია, რომელიც VI-VIII საუკუნეების პერიოდში აშენდა.