მაშველებმა 80 მეტრის სიმაღლეზე სადენებს წამოდებული პარაპლანისტები ჩამოიყვანეს

ტურისტები თავს კარგად გრძნობენ, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება
Sputnik

თბილისი, 18 მაისი  - Sputnik. ყაზბეგში სამთო მაშველებმა 80 მეტრის სიმაღლეზე სადენებს წამოდებული პარაპლანისტები უსაფრთხო ადგილზე უვნებლად ჩამოიყვანეს, ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია „112“-ში დღეს შევიდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ყაზბეგი-გუდაურის მონაკვეთზე, ხევის მიმდებარედ, პარაპლანით მფრინავი 2 ტურისტის საფრენი აპარატი სადენებს შორის მოხვდა და იქიდან თავის დაღწევას ვეღარ ახერხებდნენ. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა ყაზბეგის სწრაფი რეაგირების მაშველები, რომელმაც ადგილობრივებთან ერთად, სამაშველო თოკებისა და სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით, საქართველოს ერთი და უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უვნებლად ჩამოიყვანეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამაშველო ოპერაციაში ჩასართავად მზად იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.

ტურისტები თავს კარგად გრძნობენ. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.