„ევროვიზია-2019“ - ბუკმეკერების პროგნოზები 18 მაისის ფინალის წინ

„ევროვიზია-2019“-ის ფინალი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება
Sputnik

თბილისი, 18 მაისი  - Sputnik. სიმღერის კონკურს „ევროვიზია-2019“-ის ფინალი შაბათს, 18 მაისს, თელ-ავივში შედგება - დასკვნით კონცერტზე წარდგება ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე, რომელიც წელს კვიპროსს წარმოადგენს.

საქართველოში ფინალის ნახვა თბილისის დროით 23:00 საათზე იქნება შესაძლებელი.

თამთა გოდუაძის სიმღერას ევროვიზიის მაყურებელი საღამოს პირველ ნახევარში ნახავს, ის მე-11 ნომრად წარდგება.

აზერბაიჯანის წარმომადგენელი ჩინგიზ მუსტაფაევი მაყურებლის წინაშე სიმღერით Truth მე-20 ნომრად წარდგება.

ფინალში ასევე იმღერებენ ჩრდილოეთ მაკედონიის, ნიდერლანდების, ალბანეთის, შვედეთის, დანიის, ნორვეგიის, შვეიცარიის, მალტის, საბერძნეთის, ბელარუსის, სერბეთის, კვიპროსის, ესტონეთის, ჩეხეთის, ავსტრალიის, ისლანდიის, სან-მარინოს და სლოვენიის წარმომადგენლები.

Google-მა ევროვიზია-2019-ის გამარჯვებულის ვინაობა იწინასწარმეტყველა

გარდა ამისა, ექვსი ქვეყანა ფინალში ავტომატურად მოხვდა: ისრაელი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი. ეს კონკურსის დამფუძნებელი ქვეყნები და „ევროვიზიის“ მასპინძელი ქვეყანაა.

საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე ბრძოლას პირველ ნახევარფინალში გამოეთიშა.

ბუკმეკერების ბოლო პროგნოზები ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე შაბათს გაჩნდა. გამარჯვებულის ადგილზე კვლავ ნიდერლანდებს უწინასწარმეტყველებენ. ქვეყანას დუნკან ლორენსი სიმღერით Arcade წარმოადგენს.

„ევროვიზია 2019“-ის მონაწილემ, თამთა გოდუაძემ ლედი გაგას ჰიტი Shallow წაიმღერა >>

ბუკმეკერების პროგნოზებით, მეორე ადგილი მოულოდნელად დაიკავა ავსტრალიის წარმომადგენელმა კეიტ მილლერ-ჰეიდკე სიმღერით Zero Gravity. მესამე ადგილზეა შვეიცარიის წარმომადგენელი - ლუკა ანე სიმღერით She Got Me. მეოთხეზეა შვედეთის წარმომადგენელი ჯონ ლუნდვიკ სიმღერით Too Late for Love.

„თუ ეს მუსიკის მომავალია, მაშინ საქართველო სხვა პლანეტაა": ოთო ნემსაძე ევროვიზიის შესახებ

სერგეი ლაზარევმა, რომელსაც კონკურსის დასაწყისში მეორე ადგილს უწინასწარმეტყველებდნენ, ბოლო პროგნოზებით მეშვიდე სტრიქონზე გადაინაცვლა. პირველ ათეულშია ასევე იტალიის, ისლანდიის, აზერბაიჯანის, ნორვეგიის და საფრანგეთის წარმომადგენლები.

ევროვიზია 2019 ისრაელის ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქ თელ-ავივში მიმდინარეობს. შარშან ლისაბონში გამართულ ევროვიზიის კონკურსზე სწორედ ისრაელის წარმომადგენელმა ნეტა ბარზილაიმ გაიმარჯვა სიმღერით Toy. ისრაელს ევროვიზიისთვის ადრეც უმასპინძლია - 1979 და 1999 წლებში.