ბევრი ყველი და მასტერ-კლასები - ქუთაისმა გურმანები მიიზიდა

ქუთაისში ტარდება ქართული ყველის ისეთი სახეობების დამზადების მასტერ-კლასები, როგორიცაა ტენილი, დამბალხაჭო და სულგუნი
Sputnik

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ქუთაისი ყველის ფესტივალს მასპინძლობს, რომლის ფარგლებში ბაზრობა და გასტრონომიული მასტერ-კლასები იმართება.

ღონისძიება ქუთაისის ტურიზმის ცენტრში მიმდინარეობს.

ფესტივალზე სტუმრებს შეუძლიათ ისწავლონ ძველი იმერული კერძების დამზადება, მათ შორის ყველის დამზადება ქართული ტრადიციული მეთოდით. წარმოდგენილი იქნება ისეთი სახეობების ყველის დამზადების ტექნოლოგია, როგორიცაა ტენილი, დამბალხაჭო და სულგუნი.

ფესტივალს შეუერთდებიან სხვადასხვა პროდუქციის მწარმოებლები იმერეთიდან - ჩირის, ჩაის, თაფლის, აჯიკის, სუნელების.

ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებაზე ანსამბლი „ჩვენი კვარტეტი“ იზრუნებს.

ფესტივალის სტუმრებსა და მონაწილეებს შორის იქნებიან ქართული ყველის ისტორიის მკვლევარი ანა მიქაძე, გასტრონომიული კულტურის მკვლევარი, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი დალი ცაავა და გასტრონომიული კულტურის მუზეუმის დამფუძნებელი ესმა კუნჭულია.