თბილისის ხელოვნების სასახლე სტუმრებს მუზეუმის დღეზე იწვევს

ამ დღეს საქართველოს ყველა მუზეუმი დამთვალიერებლებს ტრადიციულად უფასოდ მასპინძლობს
Sputnik

თბილისი, 18 მაისი  - Sputnik. თბილისის ხელოვნების სასახლე, იგივე თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის ქართული მუზეუმი ყველა მსურველს იწვევს მუზეუმის მსოფლიო დღეზე, რომელსაც მსოფლიოში ყოველწლიურად 18 მაისს აღნიშნავენ.

ხელოვნების სასახლის პროგრამაში 19:00 საათზე ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „რუსთავი“ სასახლის „უკვდავთა ბაღში“ კონცერტს გახსნის.

კონცერტები, თამაშები და ვიქტორინები: რა და სად გელოდებათ „ღამე მუზეუმში" >>

19:30 საათზე მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია გახსნის გამოფენას „ქართული ეროვნული სამოსი - ისტორია და თანამედროვეობა“. ექსპოზიციაზე დამთვალიერებლები ხელოვნების სასახლის ფონდში დაცულ ისტორიულ კოსტიუმებთან ერთად ნახავენ თანამედროვე სამოსს, რომელიც ეროვნულ მოტივებზეა შექმნილი. ახალი კოსტიუმები ეროვნული სამოსის სახლის ოსტატებმა შექმნეს.

„ვახშამი ცაში" – საქართველოში პირველი რესტორან-ატრაქციონი გაიხსნა

შემდეგ, 20:00 საათზე ხელოვნების სასახლესთან წითელ ხალიჩაზე ქართველი დრამერები წარმოადგენენ დასარტყამი და სასულე საკრავების მუსიკალურ შოუს.

„უკვდავთა ბაღში“, დიდ ეკრანზე 21:30 საათზე ნაჩვენები იქნება მხატვრული ფილმი იტალიელ ფერმწერ ამადეო მოდილიანის შესახებ.

23:00 საათზე ზეიმი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

მუზეუმების საერთაშორისო დღე (International Museum Day) 1977 წელს დაარსდა, როდესაც მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს სხდომაზე (International Council of Museums, ICOM) მიღებულ იქნა საბჭოთა ორგანიზაციის წინადადება ამ კულტურული დღესასწაულის დაწესების შესახებ. 1978 წლიდან მუზეუმების საერთაშორისო დღე 150-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.

დღესასწაულის მიზანია - მუზეუმებისამდი ინტერესის გაღვივება და ჩვენს საზოგადოებაში მათი მნიშვნელოვანი როლის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა. ამ დღეს ბევრი მუზეუმი ღია კარის დღეს ატარებს და ამით ადამიანებს ხელოვნებასთან დაახლოებაში უფასოდ ეხმარება.