ბახტაძე: ფული უნდა დაიხარჯოს არა არჩევნებისთვის, არამედ ქვეყნის მომავლისთვის

2022 წლისთვის საქართველოში პედაგოგების საშუალო ხელფასი 1,5 ათას ლარს მიაღწევს, განაცხადა პრემიერმა.
Sputnik

თბილისი, 17 მაისი - Sputnik. საქართველოს ნებისმიერი მთავრობა ვალდებული იქნება, ბიუჯეტის დიდი ნაწილი მიმართოს არა არჩევნებზე, არამედ ქვეყნის მომავალზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პრეზენტაციაზე.

რა ბედი ელის 67 ათას პედაგოგს – ხელისუფლება განათლების ძირფესვიან რეფორმას იწყებს>>>

აჭარაში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა იწყება, რომელშიც განთავსდება მათემატიკური სკოლა, საერთო საცხოვრებელი, პროფესიული განათლების ცენტრი, უახლესი თანამედროვე ლაბორატორიები, სპორტული მოედნები და რეკრეაციული სივრცე. 

საქართველოში მასწავლებლებს ხელფასებს გაუზრდიან - დეტალებზე მინისტრმა ისაუბრა

ამჟამად საქართველოში განათლების რეფორმა მიმდინარეობს. რამდენიმე კვირის წინ ბახტაძემ ქვეყნის პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, ბიუჯეტის მეოთხედი - მშპ-ის 6% - განათლების სფეროს უნდა მოხმარდეს.

 „კანონპროექტი შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ყველა მთავრობას დაავალდებულებს, ბიუჯეტის ყველაზე დიდი რესურსი არა მომდევნო არჩევნებში, არამედ ქვეყნის მომავალში მიმართოს... ბიუჯეტის მეოთხედს მივმართვათ განათლებაზე, მომავალ თაობაზე, მასწავლებლებზე, პროფესორებზე, ახალგაზრდა მეცნიერებზე, იმ ხალხზე, რომლის მხრებზეც ქართული სახელმწიფოებრიობა და საქართველოს მომავალი დგას“, - აღნიშნა ბახტაძემ.

პრემიერის განცხადებით, წელს განათლების სფეროს ბიუჯეტი 1,6 მილიარდი ლარია, მომავალ წელს - 2 მილიარდი გახდება, 2021 წელს - 2,5 მილიარდი, ხოლო 2022 წელს ის ბიუჯეტის მეოთხედს - 3,4 მილიარდ ლარს გაუტოლდება.

მამუკა ბახტაძე დარწმუნებულია, რომ ეს საქართველოს დიდ წარმატებას მოუტანს და დაეხმარება იმ გამოწვევების დაძლევაში, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას.

 „იცით ჩემი დამოკიდებულება განათლების მიმართ. ჩვენ გვაქვს იდეა, ეროვნული იდეა - ეს არის განათლება. ჩვენ აჭარაში ძალიან ნიჭიერი ბავშვები გვყავს. მაღალმთიან აჭარაში, ისევე როგორც საქართველოს ყველა რეგიონში, ახალი, თანამედროვე სკოლები, საბავშვო ბაღები და პროფესიული სასწავლებლები აშენდება, რათა ყველას ჰქონდეს განცდა, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი ცოდნისა და ნიჭის რეალიზება. ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივებს. 

„ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა" – პრემიერი პედაგოგების ხელფასების შესახებ

განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა უკვე დაწყებულია თბილისში. ბათუმი იქნება მეორე ქალაქი, სადაც მაღალი დონის თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე გაჩნდება.

ბახტაძემ ტრაგედია უწოდა იმას, რომ დღეს საქართველოში პედაგოგები საშუალოზე დაბალ ხელფასებს იღებენ და ვითარების გამოსწორების პირობა დადო. საქართველოს სკოლებში განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად მაღალკვალიფიციურ პედაგოგებს 2019 წლის სექტემბრიდან ხელფასებს 150 ლარით გაუზრდიან.

2019 წლის სექტემბრიდან ყველა უფროს მასწავლებელს, წამყვან მასწავლებელსა და მენტორს ხელფასი, სულ მცირე, 150 ლარით გაეზრდება. მასწავლებლების ხელფასი ყოველწლიურად მოიმატებს. მინისტრის სიტყვებით, 2022 წლისთვის საქართველოში პედაგოგების საშუალო ხელფასი 1500 ლარი იქნება.

თბილისში „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება>>>

დღეისათვის საჯარო სკოლის პედაგოგის საშუალო ხელფასი 1000 ლარს შეადგენს. საშუალო ნომინალური ხელფასი კი საქართველოში, 2018 წლის მონაცემებით, 1124 ლარია.

საქართველოში პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან. პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე – უფროსი პედაგოგები, მესამეზე — წამყვანი მასწავლებლები, მეოთხე კატეგორიას კი მენტორი მასწავლებლები იკავებენ.

განათლების რეფორმა ოთხ წელიწადზეა გათვლილი და ხუთი მიმართულებით ხორციელდება: ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.