ილჰამ ალიევმა საჩუქრად „ვეფხისტყაოსანი“ მიიღო

ბაქოში Caspian Agro-ს საერთაშორისო გამოფენაში 11 ქართული კომპანია მონაწილეობს.
Sputnik

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში გამართულ საერთაშორისო გამოფენა Caspian Agro 2019-ზე საჩუქრად შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა „ვეფხისტყაოსნის“ ექსკლუზიური გამოცემა მიიღო, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

საჩუქარი ალიევს აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ გადასცა, როდესაც იგი გამოფენაზე წარმოდგენილ ქართულ ექსპოზიციას ათვალიერებდა. 

პროცესი დაიწყო - საქართველომ და აზერბაიჯანმა საზღვრის საკითხზე მუშაობა დაიწყეს

აზერბაიჯანული XIII საერთაშორისო გამოფენა Caspian Agro ბაქოს ექსპო–ცენტრში 15–17 მაისის პერიოდში იმართება. მასში მსოფლიოს 25 ქვეყნიდან დაახლოებით 200 კომპანია მონაწილეობს. მათ შორისაა 11 ქართული კომპანია, რომლებმაც სხვადასხვა პროდუქცია, მათ შორის, ალკოჰოლური სასმელები და ტკბილეულობა წარმოადგინეს.

გამოფენის სტუმრებს შეუძლიათ გაეცნონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, აგრარულ სფეროში დანერგილ უახლეს ტექნოლოგიებს და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას.

საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროებში.