თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ზესტაფონის რაიონის მცხოვრებლებს კვირას, 19 მაისს ახალი მერის არჩევა მოუწევთ.
ზესტაფონში მერის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 12 თებერვალს კახაბერ მახათაძემ, რომელიც პოსტზე 2017 წელს აირჩიეს, საკუთარი სურვილით თანამდებობა დატოვა. ზესტაფონის რაიონში არჩევნებში მონაწილეობის უფლება 54,9 ათას ამომრჩეველს აქვს. მათთვის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 53 საარჩევნო უბანს გახსნის.
„არავის შერჩება“ – ბახტაძე არჩევნების წინ დაპირისპირებულ მხარეებს აფრთხილებს>>>
ზესტაფონის მერობის სურვილი 16-მა კანდიდატმა გამოთქვა.
ძირითადი ბრძოლა, პოლიტიკური ექსპერტების აზრით, სამ პოლიტიკურ ძალას – მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“, გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებულ ოპოზიციას“ და პარტია „თავისუფალ საქართველოს“ შორის გაიმართება.
მმართველმა პარტიამ ზესტაფონის მერის პოსტზე გიორგი გოგლიჩიძე წარადგინა, რომლისთვისაც ეს გადაწყვეტილება აღნიშნული თანამდებობის დაკავების მეორე მცდელობაა. 2017 წელს იგი კენჭისყრაში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობდა, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ გოგლიჩიძემ რაიონში საპროტესტო აქციები გამართა და მმართველი პარტიის გამარჯვებული კანდიდატი მახათაძე კორუფციაში დაადანაშაულა.
ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა მხარდამჭერებმა მერის პოსტზე ბაქარ ხინჯიკაძე დაასახელეს. წარსულში იგი მუშაობდა სასჯელაღსრულების სამინისტროში, ასევე 2015 წელს იყო რაიონის პროკურორი.
ორ მთავარ კონკურენტს შეიძლება კონკურენცია გაუწიოს გიორგი წულაიამ, რომელიც კენჭს პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ იყრის.
წულაია თავისი პერფორმანსებითაა ცნობილი. ბოლო აქცია–პერფორმანსი მან ქუთაისში გამართა. პროტესტის ნიშნად მან მერიის შენობასთან ღამის ქოთნები მიიტანა და ქალაქში საზოგადოებრივი საპირფარეშოების დადგმა ამ ფორმით მოითხოვა.