ორი აუზი, ფინური საუნა და კალათბურთის დარბაზი: მცხეთაში დიდი სპორტული კომპლექსი გაიხსნა

მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენისთვის შეღავათებია დაწესებული.
Sputnik

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. მცხეთაში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი საზეიმოდ გაიხსნა, ნათქვამია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პირველი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. პროექტი 6 მლნ ლარი დაჯდა და მისი განხორციელება მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

მეგა-პროექტი: ბათუმში თანამედროვე სპორტკომპლექსი აშენდება

„მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მომხმარებელთა სრული კომფორტისთვისთვის სპორტკომპლექსმა ყველანაირი დაბრკოლების გარეშე იმუშაოს", – განაცხადა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ.

კომპლექსი მოიცავს ორ დახურულ საცურაო აუზს, პატარა აუზი 4-14 წლის ასაკის ბავშვებისთვისაა, ხოლო დიდი – 14 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის. კომპლექსში ასევე მოეწყო სატრენაჟორო და სპორტული დარბაზები, ფინური საუნა, ასევე ფეხბურთის, კალათბურთისა და ხელბურთის დიდი დარბაზები.

გამაჯანსაღებელ სპორტკომპლექსში სოციალურად დაუცველებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა შვილებისთვის, ომის ვეტერანებისთვის, შშმ პირებისა და პენსიონერებისთვის, ასევე მცხეთის საპატიო მოქალაქეებისთვის ყველა მომსახურებაზე გათვალისწინებული იქნება შეღავათები.