ავარია ზუგდიდის რაიონში: დაშავდა რვა მოზარდი

ავარიისას დაშავებული ერთი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა
Sputnik

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა მოზარდი დაშავდა, იუწყება პირველი არხი.

დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები და ამჟამად კვლევები უტარდებათ.

წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, შეეჯახა ბოძს, შემდეგ კი კერძო სახლის ეზოში შევარდა.

თბილისი-რუსთავის გზაზე მგზავრებმა საავტომობილო ავარია გადაიღეს: თვითმხილველის ვიდეო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ემერჯენსის განყოფილების უფროსმა, მაია ესებუამ განაცხადა, მოზარდი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, კიდევ ერთი ახალგაზრდა გოგონა მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანებით, სასიცოცხლო ჩვენებით საოპერაციო ბლოკშია გადაყვანილი.

„შოკის დარბაზში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები 8 მოზარდი გადაიყვანეს. აქედან ერთი, მამრობითი სქესის მოზარდი, გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე, მისი მდგომარეობა მძიმეა. კვლევების შედეგად დადგინდა სუბდურული ჰემატომა, ფილტვების დაჟეჟილობა, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მეორე პაციენტი გოგონა, მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანებით, სასიცოცხლო ჩვენებით გადაყვანილია საოპერაციო ბლოკში“, - განაცხადა მაია ესებუამ.

ექიმის განცხადებით, დანარჩენი ექვსი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.