„ტეტ-ა-ტეტ" შეხვედრა: რაზე შეთანხმდნენ საქართველოს და ყაზახეთის მთავრობის მეთაურები

საქართველომ და ყაზახეთმა თანამშრომლობის შესახებ რამდენიმე მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
Sputnik

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. ყაზახეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ყაზახ კოლეგასთან ასკარ მამინთან შეხვედრით დაიწყო, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე.

მამინმა ბახტაძეს ყაზახეთის მთავრობის სახლში უმასპინძლა. მხარეებმა პირისპირ შეხვედრაზე ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და სავაჭრო ბრუნვის გაზრდის პოტენციალი განიხილეს.

გაიაფდება თუ არა ყაზახური ხორბალი ქართული ბეღლისთვის>>>

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემო და ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის ფუნქციას. ამასთან დაკავშირებით საქართველოს და ყაზახეთის პრემიერებმა ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

ბახტაძის სიტყვებით, მთავრობის მიზანია საქართველოს სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბება, მათ შორის, პორტების განვითარების გზით.

პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.

ბახტაძემ ყაზახეთის ახალ პრეზიდენტს მიულოცა

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის სიხშირის გაზრდის მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს და ყაზახეთის მთავრობების მეთაურებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმებს სოციალურ-შრომით და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ასევე შეთანხმების ოქმს მთავრობებს შორის საავტომობილო მიმოსვლის შესახებ და საგზაო რუკას 2019-2022 წლებში ყაზახეთსა და საქართველოს შორის საქონელბრუნვის ნომენკლატურის გაფართოების შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ორი დღე გაგრძელდება, ბახტაძე შეხვედრას გამართავს ყახაზეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან და სენატის თავმჯდომარე დარიგ ნაზარბაევთან.

ყაზახ ბიზნესმენებს საქართველოში ელექტროავტობუსების ასაწყობი ქარხნის აშენება სურთ>>>

საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლიდან დამყარდა.

ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი იყო. ეს შუააზიური ქვეყანა კაპიტალს აბანდებდა ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროში. ქვეყნებს შორის 2019 წლის პირველ კვარტალში სავაჭრო ბრუნვამ 27 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა.