თბილისი უმასპინძლებს ფესტივალს, რომელიც საიათნოვას მიეძღვნება

ფესტივალ „ვარდატონის“ სტუმრებს ელოდებათ თბილისის თოჯინების სომხური თეატრის წარმოდგენა, გამოფენა და კონცერტი.
Sputnik

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ფესტივალი სახელწოდებით „ვარდატონი“, რომელიც ეძღვნება ცნობილ თბილისელ სახალხო პოეტს – აშუღ საიათნოვას, საქართველოს დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში კვირას გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე.

საიათნოვას ხსოვნას: თბილისში დიდი პოეტის დღე აღნიშნეს >>

2019 წელს დღესასწაულს პირველად აღნიშნავენ ფესტივალით, ადრე ამ დღეს შემოქმედებითი კონცერტი იმართებოდა. ღონისძიება მეიდანზე, სურბ–გევორქის სომხური ეკლესიის მიმდებარედ გაიმართება.

რა საერთო აქვთ ქართველებსა და სომხებს - სინამდვილეში იმაზე მეტი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს

ფესტივალის პროგრამაშია თბილისის თოჯინების სომხური თეატრის საბავშვო სპექტაკლი „იყო და არა იყო რა, იყო ერთი საიათნოვა“, კონკურსანტების ნამუშევრების გამოფენა, სურბ–გევორქის ტაძრის ეზოში საიათნოვას საფლავის ყვავილებით შემკობა და სხვ.

ასევე დაგეგმილია კონცერტი, სადაც ადგილობრივი და მოწვეული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები წარდგებიან.

ფესტივალის ორგანიზატორია „ქართველ სომეხთა კავშირი“. მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, საქართველოში სომხეთის საელჩო, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრი და სომხური ეპარქია.

ფესტივალი-დღესასწაული „ვარდატონი“ (სომხურიდან ითარგმნება როგორც ვარდების დღესასწაული) 1914 წლის 15 მაისს, საიათნოვას ძეგლის გახსნის დღეს დაარსდა. იმავე წელს მოვლენის აღსანიშნავად შედგა მსვლელობა და მონუმენტის გახსნის საზეიმო ცერემონია. საზოგადოების წარმომადგენლები ქუჩებში წითელი ვარდებით გამოვიდნენ - „პოეტისადმი სიყვარულის ნიშნად“.