„ოცნება VS ნაცები“: 2020-ის საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიცია

ერთი კვირაც აღარ გვაშორებს იმ დღეს, როცა შუალედური არჩევნების შედეგები გაირკვევა.
Sputnik

ხელისუფლებამ ამჯერდაც მოახერხა, ყველაზე კონკურენტული კანდიდატი დაეყენებინა თბილისში, მთაწმინდის რაიონის საპარლამენტო არჩევნებში. სავარაუდოდ, მთაწმინდაზე მეორე ტური ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის გაიმართება. ამასთან ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდეს და მისი უძლეველობის მითი არ დაინგრეს.

მეორე ლოკაცია, სადაც არა მხოლოდ დაძაბულობა და ფიზიკური დაპირისპირებაა მოსალოდნელი, არამედ მეორე ტურიც და სიურპრიზებიც – ზუგდიდია, სადაც სახელისუფლებო კანდიდატს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი შეერკინება.

ყოფილი დეპუტატი კახა კუკავა უკმაყოფილოა იმით, რომ ოპოზიციამ ვერც ამჯერად მოახერხა გაერთიანება კონკურენტუნარიანი კანდიდატის გარშემო. ის თვლის, რომ, მაგალითად, ზესტაფონის მერის არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი აქვს მისი პარტიის წარმომადგენელ გოგი წულაიას, ოპოზიცია კი ყველაფერს აკეთებს ხმების დასაქსაქსად.

შემოდგომაზე ვადამდელ არჩევნებს ელოდებიან – ოპოზიცია მოხარულია, უმრავლესობა – დაბნეული

ამასობაში დასავლური ორგანიზაციების მხრიდან გახშირდა ხელისუფლების კრიტიკა არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების გამო. ევროსაბჭოს რეკომენდაციებში პირდაპირაა ნათქვამი, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საარჩევნო კოდექსი უნდა შეიცვალოს, რაც ასევე ნაკლებადაა მოსალოდნელი, რადგან არსებული კოდექსის ჩამოყალიბებას და 2020-ის არჩევნების დაგეგმვას საკმაოდ დიდი ხანი შეალია სახელისუფლებო პარტიამ და რეგულაციების ნაწილი კონსტიტუციაშიც ასახა.

ამასობაში ხელისუფლება ახალ კადრებს ეძებს 2020 წლის არჩევნებისთვის. მოსალოდნელია, რომ ქართული ოცნება ამჯერად აქცენტს განათლებასა და პედაგოგებზე გააკეთებს და ეს ნამდვილად საშური საქმეა. ახალი სახეების გამოჩენა დაანონსა პარტიის გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. კალაძეს ამ არჩევნებში საკუთარი გუნდი ეყოლება.

ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები სახელისუფლებო კანდიდატებმა მოიგონ, განსაკუთრებით, ადგილობრივ დონეზე, რათა მათ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში ხალხის მხარდაჭერა უზრუნველყონ.

ზუგდიდი - სანდრა რულოვსის და „ქართული ოცნების“ ვატერლოო

ხელისუფლებას საპარლამენტო სიის შედგენაზე საუბარი და ფიქრი დაწყებული აქვს. ბუნებრივია, ძირითად შემადგენლობას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განსაზღვრავს, მაგრამ საკუთარი კვოტები ექნებათ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც, თუ რაიმე არ შეიცვალა, პარლამენტის თავმჯდომარედ მოიაზრება; კახი კალაძეს, რომელიც პარტიის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელია; გიორგი გახარიას, რომელიც, შესაძლოა, სწორედ არჩევნების წინ გახდეს პრემიერ-მინისტრი (თუმცა გახარიას იმდენი მტერი ჰყავს სახელისუფლებო გუნდში, ყველაფერს ეცდებიან, რომ ეს არ მოხდეს) და, ბუნებრივია, საკუთარ კვოტას მოითხოვს ირაკლი კობახიძე, რომელსაც დღეს მთლიანად მიჰყავს პარლამენტის მუშაობა. საუბარი იყო ასევე სალომე ზურაბიშვილის ფრაქციაზე, თუმცა ბესელიასა და კვაჭანტირაძის უმრავლესობიდან გასვლის შემდეგ მათ, მაქსიმუმ, 3-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა შეძლონ.

მოკლედ, მაისიდან მოყოლებული ქართული პოლიტიკა 2020-ის არჩევნებით იქნება დაღდასმული და იმედია, ეს ქართულ საზოგადოებაზე დადებითად აისახება.