ლევან გორგაძემ ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა

ტიტულის დასაბრუნებლად, ქართველმა სპორტსმენმა ათი ორთაბრძოლა უნდა მოიგოს
Sputnik

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, ზაფხულის ბაშოზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

შეჯიბრების მეორე დღეს სეკივაკე ტოჩინოშინმა დასავლეთის მეორე მაეგაშირა დაეიშო დაამარცხა. ქართველმა ტრადიცია არ დაარღვია და იაპონელი მეტოქე ადვილად გაიყვანა დოჰიოდან.

გასულ ტურნირზე, გაზაფხულის ჰარუ ბაშოზე ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაკარგა და შეჯიბრება უარყოფითი ბალანსით 7-8 დაასრულა. დაკარგული ტიტულის დასაბრუნებლად ზაფხულის ნაცუ ბაშოზე გორგაძეს 15 ბრძოლაში 10 მოგება სჭირდება.

ტოჩინოშინის შემდეგი მოწინააღმდეგე იქნება აღმოსავლეთის მეოთხე მაეგაშირა ოკინოუმი, რომელმაც ნაცუ ბაშოზე ორ სასტარტო ორთაბრძოლა დათმო.