ქურდობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით 1952 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ბ. დააკავეს, ნათქვამია შსს–ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

თბილისში იარაღის არსენალი აღმოაჩინეს – დაკავებულია ორი პირი

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს ასევე  ბრალად ედება  მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქურდობა.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს: მცირეკალიბრიანი შაშხანა, მცირეკალიბრიანი შაშხანისთვის განკუთვნილი 19 საბრძოლო ვაზნა, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, ამავე პისტოლეტის 2 მჭიდი და 33 საბრძოლო ვაზნა. ასევე, ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 5 მჭიდი და 160 საბრძოლო ვაზნა.

გარდა ამისა, პოლიციამ ზ.ბ.-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობაში მის მიერ მოპარული მსხვილფეხა პირუტყვი აღმოაჩინა.

 ბრალდებული ჩადენილ დანაშაულებს აღიარებს.

გამოძიება ქურდობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.