მამაკაცი მეუღლის მკვლელობისთვის დააკავეს – რა მოხდა ხაშურში

გავრცელებული ინფორმაციით, რკინიგზის დასახლებაში შუახნის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი შვილმა იპოვა.
Sputnik

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1976 წელს დაბადებული ვ.ბ. ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ხაშურში შვილმა დედა  მოკლული იპოვა

შემთხვევა ხაშურში გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, რკინიგზის დასახლებაში 55 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი შვილმა იპოვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს – 1964 წელს დაბადებულ ლ.ბ.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მჩხვლეტავი საგნის გამოყენებით ყელის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა", – აღნიშნულია განცხადებაში.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.