სირცხვილი! თბილისში უცნობი ჯარისკაცის საფლავიდან ყვავილები დაიტაცეს

სოციალური ქსელში აღნიშნულმა ფაქტმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
Sputnik

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. თბილისში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ვაკის პარკში უსიამოვნო ინციდენტი მოხდა – ოფიციალური ღონისძიების დასრულების შემდეგ უცნობი ჯარისკაცის საფლავიდან უცნობმა პირებმა ყვავილების შეგროვება დაიწყეს.

ვერც შეყვარება მოასწრეს და ვერც სათქმელი დაასრულეს - ფრონტზე დაღუპული ქართველი პოეტები>>>

მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ვაკის პარკში დღეს მივიდნენ მათი შთამომავლები, ქვეყნის პირველი პირები, დიპლომატები და აქტივისტები.

„ყვავილებს, რომლებითაც თბილისში უცნობი ჯარისკაცის საფლავი და მარადიული ცეცხლი შეამკეს, პაკეტში აგროვებენ და ვაკის პარკის შესასვლელთან თავიდან ყიდიან იმ ადამიანებზე, რომლებიც გამარჯვების დღეს საკუთარი წინაპრების ხსოვნის პატივსაცემად მიდიან", – წერს თვითმხილველი, რომელმაც აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო გადაიღო.

აღნიშნულმა პოსტმა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მოკლე პერიოდში ვიდეოკადრები ათობით ადამიანმა გაიზიარა, ასობით ადამიანმა კი საკუთარი კომენტარი დატოვა.

„არაადამიანები!", „რა სირცხვილია", „უსინდისოები", – დაიწყო კრიტიკის კორიანტელი.

„ესაა საშინელება და სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორ მტკივა და მრცხვენია", – დაწერა Olik Neiman-მა.

„სასაფლაოზეც ასეა – მიიტან საფლავზე ყვავილებს, წამოხვალ და ამ ყვავილებს მომენტალურად იღებენ და მეორეჯერ ყიდიან", – აღნიშნა Ni Na-მ.

კალაძე: ვეტერანებმა თავიანთი გმირობის ფასად კაცობრიობა ფაშიზმისგან იხსნეს

„ადამიანებს არაფერი წმინდა არ შერჩათ..." – წერს Alla Tatyants.

გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საქართველოში ტრადიციულად იმართება საზეიმო ღონისძიებები – ქვეყანაში 9 მაისი ოფიციალურად დასვენების დღეა.

ოფიციალური მონაცემებით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან დაახლოებით 700 ათასი ადამიანი წავიდა. აქედან უკან მხოლოდ ნახევარზე ნაკლები დაბრუნდა. ათობით ათასი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 492 ვეტერანი ცხოვრობს, აქედან 99 ქალია.