თბილისი, 9 მაისი — Sputnik. პოლიციამ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გამარჯვების დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება, სამი ადამიანი დააკავა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
ერთ-ერთი დაკავებული „უკვდავი პოლკის" აქციის მონაწილე 50 წლის მამაკაცია, რომელსაც ხელში საბჭოთა დროშა ეკავა. დაკავების მიზეზი გახდა მისი მხრიდან „თავისუფლების ქარტიის" კანონის დარღვევა, რომელიც კრძალავს კომუნისტური და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი ნივთების და პროპაგანდის საშუალებების გამოყენებას.
რაც შეეხება დანარჩენ დაკავებულებს – 35 და 61 წლის მამაკაცებს, ისინი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი კონტრაქციის მონაწილეები არიან. მათ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის დაუმორჩილებლობა ედებათ ბრალად.
ადრე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საზოგადოებას, 9 მაისს, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილ აქციებზე არ გამოიყენონ საბჭოთა სიმბოლიკა და კანონის ფარგლებში იმოქმედონ.
ვაკის პარკში და მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდანვე ათასობით პოლიციელი იმყოფება. ამ დროისთვის „უკვდავი პოლკის" მონაწილეების ერთი ჯგუფი პარკის ტერიტორიაზე იმყოფება, კიდევ ორი – მიმდებარე ტერიტორიაზე.
მსგავსი ვითარებაა კონტრაქციის მონაწილეებთან დაკავშირებითაც, რომლებიც აქციაზე ნატოს დროშებით მივიდნენ. პარკის ტერიტორიაზე ვითარებას პოლიცია აკონტროლებს.