დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება

საზეიმო ღონისძიებები, ტრადიციულად, ვაკის პარკში გაიმართება, სადაც ვეტერანები დილიდან იკრიბებიან.
Sputnik

თბილისი, 9 მაისი – Sputnik. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს საქართველოში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. 9 მაისი ოფიციალურად უქმე დღედ არის გამოცხადებული.

რამდენი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია საქართველოში

თბილისში საზეიმო ღონისძიებები, ტრადიციულად, ვაკის პარკში გაიმართება, სადაც ვეტერანები დილიდან იკრიბებიან. ტრადიციულად, ქვეყნის პირველი პირები გამარჯვების დღეს ვეტერანებს მიულოცავენ და უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინებით შეამკობენ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა. აქედან უკან მხოლოდ დაახლოებით ნახევარი დაბრუნდა. ათობით ათასი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 492 ვეტერანი ცხოვრობს, აქედან 99 ქალია.

საქართველოს მთავრობა 9 მაისთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ერთჯერადად ფულად ჯილდოს გადასცემს 600 ლარის ოდენობით.

მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.