Wissol-ი აქტივებს რუსულ კომპანიაზე ყიდის?

Wissol-ი საქართველოში მოქმედ მცირე თუ მსხვილ სუბიექტთან გაერთიანების შესაძლებლობას განიხილავს.
Sputnik

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. საწვავის კომპანია Wissol-ი არ იყიდება, განაცხადა Wissol Group-ის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Wissol-ის აქტივების შეძენას რუსული კომპანია „როსნეფტი" აპირებს, რამდენიმე დღის წინ  ტელეკომპანია Rustavi 2-მა გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, Wissol-თან მოლაპარაკებებს „როსნეფტის" შვილობილი კომპანია „პეტროკასი" აწარმოებს, რომელიც საქართველოში კომპანია Gulf-ის ქსელს და ფოთის პორტში ნავთობტერმინალს ფლობს.

„როსნეფტმა“ შესაძლოა საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საწვავის კომპანია შეისყიდოს

„არ ვადასტურებთ, რომ ეს კომპანია იყიდება. ზოგადად, ჩვენი ხედვა საშუალოვადიან პერსპექტივაში არის შემდეგი: ნავთობპროდუქტების საცალო ვაჭრობის სეგმენტში გვინდა ბიზნესის გამსხვილება და თეორიულად ვაპირებთ საქართველოში მოქმედ მცირე თუ მსხვილ სუბიექტთან გაერთიანებას", – განაცხადა ფხაკაძემ.

ამასთან, ქართველმა ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება რუსული კომპანიის მიერ საქართველოში ავტოგასამართი სადგურების შეძენამ ქვეყნის ეკონომიკას შეუქმნას საფრთხე.

„რაც შეეხება რუსული კომპანიების მონოპოლიის საფრთხეს, საერთოდ, მონოპოლია ყოველთვის საფრთხეა და ამას ხელისუფლება არ დაუშვებს", – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

კომპანია Wissol-ი 2000 წელს დაარსდა და საქართველოში დაახლოებით 180 ავტოგასამართ სადგურს ფლობს.