თბილისი, 8 მაისი - Sputnik. უზბეკეთში საქართველოს ახალი ელჩი ზურაბ აბდუშელიშვილი იქნება, აღნიშნულია დიპლომატიური უწყების ვებგვერდზე.
რით იზიდავს საქართველო უზბეკ ბიზნესმენებს? >>
აბდუშელიშვილმა რწმუნებულებათა სიგელის ასლები უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბდულაზიზ კამილოვს გადასცა. მინისტრმა ელჩს უზბეკეთში მუშაობის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-უზბეკეთის ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო-საკომუნიკაციო, ტურისტულ, კულტურულ-ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში. გარდა ამისა, საუბარი შეეხო თანამშრომლობის საკითხებს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
დიპლომატებმა ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სფეროში ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას, მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის, საქონლისა და მომსახურების ურთიერთმიწოდების ნომენკლატურის გაფართოების ხარჯზე.
გარდა ამისა, აღინიშნა, რომ ტაშკენტსა და თბილისს შორის მიმდინარე წლის 16 ივლისიდან რეგულარული რეისების ამოქმედება ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
საქართველოსა და უზბეკეთს შორის 1994 წლის 19 აგვისტოს შემდეგ, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან, ქვეყნები თანამშრომლობენ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ფარმაციის სფეროებში. უზბეკეთს საქართველოში საელჩო არ აქვს. საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობებისთვის უზბეკეთი იყენებს საელჩოს ბაქოში.
2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოსა და უზბეკეთს შორის ტვირთბრუნვამ 24,8 მილიონ დოლარს გადააჭარბა.