თბილისის მეტრო განახლდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისის მეტროსთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
Sputnik

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მეტროს ახალი შემადგენლობების შეძენის მიზნით თბილისის ბიუჯეტის გაზრდას აპირებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

თბილისში „მარშრუტკებს" აკრძალავენ? რას აპირებს მერია>>>

მამუკა ბახტაძე ოთხშაბათს MAN-ის მარკის ახალი ავტობუსების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა. ახალი ავტობუსები დედაქალაქის მოსახლეობას ორშაბათიდან მოემსახურება.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, თბილისის მუნიციპალიტეტს გავუზრდით ბიუჯეტს და აუცილებლად დაიწყება ახალი შემადგენლობების შემოყვანა. თბილისი იქნება ნამდვილი ევროპული ქალაქი. ჩვენ ამას გპირდებით და ამას აუცილებლად შევასრულებთ", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

2019 წლის დასაწყისიდან მეტროს ოთხი შემადგენლობა განახლდა, წლის ბოლომდე კიდევ რვა ახალი შემადგენლობა გაჩნდება. ეს, მერიის ხელმძღვანელობის აზრით, შესაძლებელს გახდის, რომ მატარებლებს შორის ინტერვალი 2,5 წუთამდე შემცირდეს.

კახა კალაძე 10-მეტრიანი ავტობუსის საჭეს მიუჯდა

ამ დროისთვის თბილისის მეტროპოლიტენში სარემონტო მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება. იგეგმება ძალოვანი კაბელებისა და ვენტილაციის სისტემის შეცვლა, რომელიც 1966 წლიდან არ გამოცვლილა.

პროექტის ღირებულება 15 მილიონი დოლარია.

მასშტაბური სარემონტო სამუშაოები თბილისის მეტროში არსებული გაუმართაობის გამო დაიგეგმა. 2018 წელს თბილისის მეტროში 305 დაზიანება დაფიქსირდა, 2019 წელს – 100. ამასთან, 30% შემთხვევებში აუცილებელი გახდა მგზავრების ევაკუაცია.

დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი 23 სადგურს ითვლის, რომლებიც ორ ხაზზე – ახმეტელი–ვარკეთილისა და საბურთალოს ხაზებზეა განაწილებული. მეტროს საერთო სიგრძე 57 კილომეტრია, მათგან პირველი ხაზი – 40 კმ, მეორე კი 17 კმ-ია.