თბილისი, 8 მაისი - Sputnik. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციის, მომსახურების სფეროს გაუმჯობესებისა და ტურისტების მოზიდვისთვის 2020 წელს 9,4 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ უწყებაში.
ოთხშაბათს უწყებაში განიხილეს დეპარტამენტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი. პროექტის თანახმად, მომავალ წელს მსოფლიოს 17 ქვეყანაში რეგიონის რეკლამისთვის გამიზნული ბიუჯეტი 8,5%-ით გაიზრდება და 6,4 მილიონ ლარს გადააჭარბებს. რაც შეეხება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საერთო ბიუჯეტს, იგი 2020 წლისთვის, სავარაუდოდ, 6,4%-ით გაიზრდება.
დეპარტამენტი გააგრძელებს ისეთ პროექტებს, როგორიცაა „ტურიზმის განვითარების სკოლა“ და საუკეთესო ტურისტული ობიექტების დაჯილდოება „მაგნოლია 2020“, რომლებიც ტურიზმის სფეროში დასაქმებული კადრების გადამზადებას ისახავს მიზნად.
ტურისტული პროდუქტების გასავითარებლად 799 ათასი ლარის დახარჯვა იგეგმება.
მაღალმთიან აჭარაში გაგრძელდება ტურისტული მარშრუტების განვითარება. იგეგმება საინფორმაციო ტურები გიდებისა და ტურისტული აგენტებისთვის.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ბათუმსა და ქობულეთში დაგეგმილია საზაფხულო ფესტივალები, ასევე გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი. უწყება სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციასაც გამართავს.
2020 წელს ტურიზმის სფეროს გასავითარებლად ჩატარდება კვლევები, რათა დადგინდეს, რამდენად კმაყოფილი არიან უცხოელი ვიზიტორები აჭარაში დასვენებით და რა სჭირდებათ ადგილობრივ ტურისტებს. აღნიშნული კვლევებისთვის გამოიყოფა 110 ათასი ლარი.
მთიან აჭარაში მოგზაურთა რაოდენობა იზრდება. გასულ წელს ეკოლოგიურ და სასოფლო ტურისტულ მარშრუტებზე 244,4 ათასი ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც 124%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
აჭარაში ტურისტებს არა მხოლოდ ულამაზესი პეიზაჟებით ტკბობა, არამედ საოჯახო ტიპის სასტუმროებში ქართული კერძების მომზადების სწავლა და ადგილობრივი ტრადიციების გაცნობაც შეუძლიათ, რათა დასვენება ნამდვილად დაუვიწყარი გახადონ.