ათობით ოჯახმა ბავშვებით ღამე ქუჩაში გაატარა - საგანგებო მდგომარეობა თბილისის გარეუბანში

დღის ბოლომდე 36-მა ოჯახმა ბარგი უნდა ჩაალაგოს და დატოვოს თბილისის გარეუბანში მდებარე სახლი, რომლის მახლობლადაც მიწა ჩამოიშალა
Sputnik

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ცხრასართულიანი სახლის ბინადრებმა მთელი ღამე ქუჩაში გაატარეს, რადგან შენობის მახლობლად ბორცვის ნაწილი ჩამოიშალა. ამის შესახებ მათ „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტს უამბეს.

ამჟამად შენობა პირობითად პოლიციის ლენტითაა შემოსაზღვრული, მაგრამ მასში შესვლა არავის ეკრძალება. როგორც აღმოჩნდა, მცხოვრებთა ნაწილი ჯერ კიდევ სახლში იმყოფება. ისინი ბარგს ალაგებენ და გადასასვლელად ემზადებიან, ზოგი სასტუმროში, ზოგი ნაქირავებ ბინაში. ყველა ხარჯის გასტუმრება ადგილობრივმა ხელისუფლებამ იტვირთა.

ათობით ოჯახმა ბავშვებით ღამე ქუჩაში გაატარა - საგანგებო მდგომარეობა თბილისის გარეუბანში

როგორც Sputnik-ის კორესპონდენტს ერთ-ერთი ბინის მცხოვრებმა ნინომ განუცხადა, დაახლოებით 70 ადამიანი გადადის სასტუმროში, რომელიც გლდანში მდებარეობს. იქ მათთვის უკვე მზადაა ნომრები. როგორ იქნება დაქირავებული ბინების საქმე, ჯერ არ არის ცნობილი. როგორც წესი, ასეთ დროს მოქალაქეები თავად არჩევენ ბინებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ბარგის ჩასალაგებლად ზღვის უბნის №23 კორპუსის მცხოვრებთ დრო დღის ბოლომდე აქვთ.

უძილო ღამე

„განგაში“ ღამის 02:00 საათზე გამოცხადდა. უმრავლესობას, რასაკვირველია, ეძინა.

„მეზობელმა კარზე დაგვიკაკუნა და გვითხრა, რომ კორპუსის მცხოვრებლებმა მიწის ჩამოშლის ხმა გაიგონეს. მათ (მშენებლებმა - რედ.) ჩვენი კორპუსის ფუნდამენტი დააზიანეს, რის გამოც მიწა დაიძრა...“ - ამბობს ერთ-ერთი ბინადარი, რომელმაც არ ისურვა სახელის გამხელა.

„ყველაფერი გადათხარეს. ჩვენი სახლი ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაინგრეს და დავიღუპოთ“, - აღნიშნა ნინომ, ორი შვილის დედამ, და აქვე დასძინა: „მე თვითონ ჩავალ დაბლა და არავის მივცემ უფლებას, იქ რამე ააშენონ - ვინც არ უნდა მოვიდეს, მერია იქნება თუ მშენებლები. თუ უნდათ, დამაკავონ“.

ათობით ოჯახმა ბავშვებით ღამე ქუჩაში გაატარა - საგანგებო მდგომარეობა თბილისის გარეუბანში

„იცით, რომ გაზის მილიც გაიღუნა, როცა მიწა ჩამოიშალა?!“, - აღშფოთებულია ნინო.

უძილო ღამეს და შიშს უკვალოდ არ ჩაუვლია. მცხოვრებთა ემოციები დილიდან არ ცხრებოდა. მაგრამ საღამოს ხალხი დაწყნარდა, რადგან ბარგის ჩასალაგებლად არც ისე დიდი დრო დარჩა.

ხელისუფლებამ ზომები მიიღო

მშენებლობა №23 კორპუსის მახლობლად დაახლოებით ორი თვის წინ დაიწყო. იგეგმებოდა 9-სართულიანი სახლის აშენება. მშენებლობის განახლება-არგანახლების საკითხი მას შემდეგ გადაწყდება, რაც ტერიტორიას სრულფასოვნად გამოიკვლევენ, ჯერჯერობით კი 36 ოჯახს დიდი მოთმინება მოეთხოვება.

როგორც სამშენებლო კომპანია „სთრონგ ჰაუზის“ მფლობელი დურმიშხან სალუქვაძე ამტკიცებს, მას ჰქონდა გეოლოგიური დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მშენებლობა ამ ტერიტორიაზე უსაფრთხო იყო.

ათობით ოჯახმა ბავშვებით ღამე ქუჩაში გაატარა - საგანგებო მდგომარეობა თბილისის გარეუბანში

ადგილობრივი მცხოვრებნი თავდაპირველად პროტესტს გამოთქვამდნენ. როგორც კი მათი სახლის მახლობლად მდებარე ბორცვზე ფუნდამენტისთვის მიწა გაიჭრა, მათ მერიაში საჩივარი შეიტანეს. ქალაქის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ოპერატიულად იმოქმედეს და მშენებლობა შეაჩერეს, სამშენებლო კომპანიას კი გასამაგრებელი სამუშაოების ჩატარება მოსთხოვეს.

სალუქვაძის თქმით, დასკვნას, თუ რა მეთოდით უნდა ჩატარებულიყო გასამაგრებელი სამუშაოები, იგი თითქმის ერთ თვეს ელოდა.

„დღეიდან ვაპირებდით მუშაობის დაწყებას, რადგან გუშინ აქ იყო გეოლოგების ჯგუფი და მათ მითითებები მოგვცეს... ახლა ექსპერტიზის ბიუროში ვიყავი. აქ მოვიდნენ ექსპერტები, ჩაერთნენ სახელმწიფო სამსახურები, გეოლოგები, კონსტრუქტორები და ალბათ ისინი შემოგვთავაზებენ უკეთეს ვარიანტს და ჩვენც აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ“, - განაცხადა სალუქვაძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

არ არის გამორიცხული, პრობლემები ტერიტორიაზე იმაზე ბევრად ადრე წარმოქმნილიყო, ვიდრე კომპანია „სთრონგ ჰაუზი“ მშენებლობას დაიწყებდა, ფიქრობს მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე მამუკა ჯაყელი.

ათობით ოჯახმა ბავშვებით ღამე ქუჩაში გაატარა - საგანგებო მდგომარეობა თბილისის გარეუბანში

„იქნება საექსპერტო დასკვნა, რომელიც იტყვის, რა გახდა ფერდობის ჩამოშლის მიზეზი... აქ ადრეც ტარდებოდა სამშენებლო სამუშაოები და შესაძლოა ფერდობი მაშინ დაზიანებულიყო“, - განაცხადა ჯაყელმა.

კომენტარი თბილისის მერმა კახა კალაძემაც გააკეთა.

„მიღებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა. ბოლო დროს გაჩნდა ტენდენცია, რომ საჭიროა მშენებლობის შეჩერება. მაგრამ მე მესმის ამ ადამიანების. ქალაქში იმდენი რამ აშენდა არასწორად, რომ, როდესაც ახალი მშენებლობა იწყება, მაშინვე იწყებენ იმაზე ფიქრს, რომ იქ რაღაც არასწორად კეთდება“, - აღნიშნა კალაძემ.

2018 წელს თბილისში მშენებლობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები გაიზარდა. ზოგიერთ შემთხვევაში ჯარიმები გაათმაგდა კიდეც.