მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერაქტის ორგანიზებაში ედება ბრალი: სუს-ის განცხადება

სუს-ის განცხადებით, აღნიშნული უმძიმესი დანაშაული თავიდან იქნა აცილებული უშუალოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალისხმევის შედეგად.
Sputnik

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. საქართველოს უსაფრთხოების სამსახური მალხაზ მაჩალიკაშვილს ეჭვმიტანილად მიიჩნევს „ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის განზრახვაში“, ნათქვამია უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში

„ძალით წამიყვანონ“ - მაჩალიკაშვილმა სუს-ში მისვლაზე უარი განაცხადა

„დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა“, — წერს უწყება.

საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 2018 წლის 31 მაისს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადება, რომლის თანახმადაც, იგი და მასთან მყოფი პირები, რომლებსაც, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ფიცი ჰქონდათ მიცემული, მზად იყვნენ შეეღწიათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში და თავი აეფეთქებინათ.

სუს-ის განცხადებით, აღნიშნული უმძიმესი დანაშაული თავიდან იქნა აცილებული უშუალოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალისხმევის შედეგად.