გენერალ-მაიორი, დოცენტი და ჩემპიონი: სუს-ის უფროსმა ახალი მოადგილე დანიშნა

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ახლა ოთხი მოადგილე ჰყავს
Sputnik

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის მოადგილედ 72 წლის გენერალ-მაიორი შენგელი ფიცხელაური დაინიშნა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შენგელი ფიცხელაური 2019 წლის იანვრიდან შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი იყო. მრავალი წლის განმავლობაში ძალოვან უწყებებში სხვადასხვა პოსტებზე მუშაობდა.

სუს-ი: 2018 წელს სირიასა და ერაყში საქართველოს მოქალაქეები არ გამგზავრებულან

1999 წელს დაჯილდოებულია მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“, 2002 წელს - „ღირსების ორდენით“.

ფიცხელაური არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, სამართლის დოქტორი -  პროფესორი.

2009 წლიდან დღემდე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის, სამართლის ფაკულტეტის დეკანია. 1993-2016 წლებში ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო.

2016 წლიდან დღემდე ასევე საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ანტიდოპინგური საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარეა.

რატომ გამოიყენეს ახალ ზელანდიაში ტერორისტებმა ქართული წარწერა? >>

ფიცხელაური საერთაშორისო სპორტის ოსტატია და სამგზის ევროპის ჩემპიონია ძიუდოში.

ამგვარად, ფიცხელაური სუს-ის უფროსის, ვახტანგ გომელაურის მეოთხე მოადგილე გახდა. გომელაურის პირველი მოადგილეა გრიგოლ ლილუაშვილი, მოადგილეები - ალექსი ბატიაშვილი და ალექსანდრე ხოჯევანიშვილი.