თბილისი, 6 მაისი - Sputnik. ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლი ვიზიტორებისთვის გახსნილია, იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო.
ოკაცეს ჩანჩქერი, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხაში მდებარეობს, საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ჩანჩქერი და დაცული ტერიტორიების გამორჩეული ბუნების ძეგლია.
ოკაცეს კანიონი დამთვალიერებლებისთვის 2018 წლის ოქტომბერში დაიკეტა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით ადგილზე მოეწყო ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, ბილიკები, პლატფორმები, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი.
ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 1 100 100 ლარით იყო დაფინანსებული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლზე მოწყობილი ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ამ ულამაზეს კუთხეში ტურისტების რაოდენობას მინიმუმ გაასამმაგებს.
„ჩვენ გავაფართოეთ ოკაცეს კანიონის პროექტი, რომელიც ტურისტებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. დარწმუნებული ვარ, სოფელ კინჩხაში მოწყობილი ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მეშვეობით, მინიმუმ გავასამმაგებთ ტურისტების რაოდენობას ამ ულამაზეს კუთხეში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრი ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
ოკაცეს კანიონი 2018 წელს ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული ადგილების ხუთეულში შევიდა.
ოკაცეს კანიონი ქუთაისიდან 50 კილომეტრში, ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ოკაცეს ხეობაში მდებარეობს. მდინარე გამოირჩევა მიწისქვეშა დინებებით და აყალიბებს კარსტულ მღვიმეებს. კანიონის სიგრძე 16 კილომეტრია, სიღრმე - 50 კმ.
მეცნიერების მტკიცებით, ეს ბუნებრივი სასწაული მილიონ წელს ითვლის. კანიონში უამრავი ტბა და ჩანჩქერია. ერთ-ერთი ტბის - ოსხაპოს სიგრძე 60 მეტრია. სწორედ აქ მდებარეობს ბუნების ძეგლი ოკაცეს ჩანჩქერი. ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჩანჩქერია. პირველი კასკადის სიმაღლე 25 მეტრია, მეორის - 70 მეტრი, ხოლო მესამის - 35.
2011 წელს კანიონს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭა.