თბილისი, 5 მაისი - Sputnik. საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების მომხრეა, ქვეყნის სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების მოთხოვნით 15 ივნისს მასშტაბური აქცია დააანონსა.
„ტერორისტების ყურადღებას მივიქცევთ“ – ზურაბიშვილი აშშ-ის ბაზის განთავსების საფრთხეებზე >>
პარტიის ლიდერებმა ყრილობაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ისინი მიტინგის ჩატარებას თბილისის მთავარ მოედანზე აპირებენ, სადაც მათ 2018 წლის ნოემბერში „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად მრავალათასიანი აქცია გამართეს. „პატრიოტთა ალიანსმა“ მოუწოდა მოსახლეობას მხარი დაეჭირა ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატისთვის - სალომე ზურაბიშვილისთვის.
„15 ივნისს იქნება თავისუფლების მოედანზე მიტინგი და ვარწმუნებ ხელისუფლებას, რომ 15 ივნისს ამ მოედანს ჩვენ გავავსებთ. შემდეგ ყოველდღიური მიტინგების რეჟიმში გადავალთ. ყველაზე მთავარი მოთხოვნაა, რომ ყველა ტყუილი, რაც ჩვენ მოვისმინეთ 7 წლის განმავლობაში, გამოსწორდეს, ყველა დანაპირები უნდა ასრულდეს. სამხედრო მიუმხრობლობა ერთადერთი გზაა უსაფრთხოებისა ქვეყნისთვის“, – განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა პირველი არხის ეთერში.
მისი თქმით, 27 მაისიდან პარტია დაიწყებს მოსამზადებელი, საინფორმაციო აქციების ჩატარებას.
თარხან-მოურავმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ნატოს საერთაშორისო ოპერაციებზე მილიონობით ლარს ხარჯავს.
დღეისათვის ნატოს მისიაში „მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support) ავღანეთში 900-მდე ქართველი სამხედრო მონაწილეობს, ევროკავშირის მისიაში EUTM RCA ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში - 35 სამხედრო და ერთი სამხედრო - ევროკავშირის მისიაში EUTM მალიში.
„გავიგეთ, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი, ვინც ვიხდით მთლიანი შიდა პროდუქტის ყველაზე მაღალ პროცენტს – 2.2 პროცენტს ნატო-ს ოპერაციებზე, ანუ 400 მილიონს ნატო-ს ოპერაციებზე, ნატო-ს იარაღის შესყიდვაზე, რომელიც ვითომ, ჩვენ არ გვჭირდება. 400 მილიონად ჩვენ შეგვიძლია, 10 ათას ოჯახს ვაჩუქოთ საკუთარი საქმე. ხალხი კვდება შიმშილით, უნდა დავიწყოთ ბრძოლა“, – განაცხადა თარხან-მოურავმა.
ბურჯანაძე: საქართველოს შანსი არა აქვს გახდეს ნატოს წევრი >>
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სხვა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სხვა ქვეყნების სამხედრო ბაზები არ სჭირდება.
„არც ეკონომიკა, არც სოციალური პირობები, არც განათლება არ განვითარდება და ვერ განვითარდება, თუ ჩვენს ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა და სტაბილურობა. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოსთვის უნიკალურია დღეს, ავსტრიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის მოდელი – მიუმხრობლობა. ჩვენ არცერთი ქვეყნის სამხედრო ბაზა არ გვჭირდება საქართველოს ტერიტორიაზე”, – განაცხადა ინაშვილმა.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ პარლამენტში ხუთი ადგილი უკავია. ისინი რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას ემხრობიან და ნატოში საქართველოს შესვლის წინააღმდეგ გამოდიან. 2017 წლიდან საკუთარი ინიციატივით პერიოდულად დადიან რუსეთში და ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან.
ამასთან, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციაზეა მიმართული. საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც მთავრობის კურსს ემხრობა, მედიასთან ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო ბაზის წინააღმდეგია. მისი თქმით, ეს შეიძლება პროვოკაციად ჩაითალოს და „რუსეთის მხრიდან რეაქციას“ გამოიწვევს.