თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) დაიბარა გამოკითხვაზე მალხაზ მაჩალიკაშვილი - პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლანის მამა, მაგრამ მან საკუთარი სურვილით მისვლაზე უარი განაცხადა, იუწყება ტელეარხი Rustavi2.
როდის დაუბრუნებს სუს–ი მაჩალიკაშვილის ოჯახს თანხას? >>
მაჩალიკაშვილს უწყება ჩააბარეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, სადაც ის ზაზა სარალიძესთან, 2017 წლის დეკემბერში მოკლული მოზარდის მამასთან ერთად, უკვე ერთი წელია საპროტესტო აქციას მართავს.
„უწყება ჩავიბარე, ხელი არ მომიწერია. ისევე, მორის მაჩალიკაშვილზე იყო უწყება, მას უწყება არ ჩაუბარებია... მეხუთედ დამკითხეს 9-10 საათის განმავლობაში. ზუსტად მეხუთე დაკითხვის დროს მე განვაცხადე, საერთოდ ამის მერე არ გამოვცხადდები „მოდულში“ იმიტომ, რომ იქ სხედან ჩემი მოსისხლე მტრები. არ ვაპირებ მანდ მისვლას. თუ აქვთ მაგის შნო და მაგის კაცობა, აგერ ვარ და ნებისმიერ დროს მოვიდნენ, ძალით წამიყვანონ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
საქართველოში მაჩალიკაშვილის ოჯახთან დაკავშირებული ერთბაშად ორი საქმის გამოძიება მიმდინარეობს. ერთ-ერთი ეხება ტერორიზმის ხელშეწყობას. 2017 წლის დეკემბერში ჩატარდა ანტიტერორისტული ოპერაცია, რომლის მიზანი იყო ცნობილი ტერორისტ ახმედ ჩატაევის ხელშემწყობთა დაკავება. სწორედ ამ სპეცოპერაციის ფარგლებში პანკისის ხეობის სოფელ დუისში სასიკვდილოდ დაჭრეს თემირლან მაჩალიკაშვილი.
მეორე საქმე ეხება ტერორისტული აქტის შესაძლო მომზადებას. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2018 წლის 31 მაისს მაჩალიკაშვილმა ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ რამდენიმე ასეულ ადამიანთან ერთად სუს-ის შენობაში თავის აფეთქებაზე დაიფიცა, თუმცა მერე ქართველებისადმი სიყვარულის გამო გადაიფიქრა. მაჩალიკაშვილი ქისტია. ქისტები წარმოშობით ჩეჩნეთიდან არიან და პანკისის ხეობაში რამდენიმე საუკუნის წინ გადმოსახლდნენ.
ტერორიზმთან ბრძოლა
რაც შეეხება პანკისის ხეობაში მომხდარ მოვლენებს, მას წინ უსწრებდა თბილისში ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების დაკავების მიზნით ჩატარებული სპეცოპერაცია. ტერორიზმში ბრალდებულები თითქმის ერთი დღე-ღამის განმავლობაში, 2017 წლის 21–22 ნოემბერს უწევდნენ წინააღმდეგობას სპეცრაზმელებს და ისროდნენ მრავალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთი ბინიდან. სპეცოპერაცია იბრაჰიმ ადაშევის და ასლანბეგ სოლტახმადოვის ლიკვიდაციით დასრულდა, ჩატაევმა კი თავი აიფეთქა.
აღნიშნული სპეცოპერაციის ფარგლებში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დააკავეს შოაიპ ბორზიევი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივლისს მას 13 წლით პატიმრობა შეუფარდა.
„ნუ მომკლავ“: პარლამენტის წინ აქცია იმართება >>
საქმის კიდევ ერთმა ფიგურანტმა რუსლან შავაძემ სპეცოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე საცხოვრებელი ბინა, სადაც ტერორისტები იმალებოდნენ, დატოვა და მიიმალა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 27 ივლისს მას 13 წლით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, ხოლო 2018 წლის 10 აგვისტოს სუს–მა ბათუმში შავაძის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ სუს–ი ჩატაევისთვის საქართველო-თურქეთის საზღვრის გადმოკვეთისას დახმარების გაწევაში ეჭვმიტანილი პირების გამოვლენით დაკავდა. შედეგად, პანკისის ხეობაში დააკავეს ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი, მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა. ექიმები მის გადარჩენას რამდენიმე კვირის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ.
2018 წლის იანვარში თბილისსა და ახმეტაში კიდევ ორი ეჭვმიტანილი დააკავეს – ანატოლი ბერძენიშვილი და ზურაბ იდოიძე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის ივლისში დამნაშავედ ცნო ყველა პირი, გარდა გორნიკაშვილისა და ჩოფანაშვილისა. მათი საქმე ცალკე იხილება.