თელავის უნივერსიტეტის ეზოში 24 წლის მამაკაცი დაჭრეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დამნაშავეს ცხრიდან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 5 მაისი - Sputnik. სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ყვარელში 22 წლის მამაკაცი დააკავეს, აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტრაგედია კახეთში: 42 წლის მამაკაცი მეზობელმა მოკლა

უწყების ცნობით, ბრალდებულმა თელავში, უნივერსიტეტის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა 24 წლის მამაკაცი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყვარლის რაიონის სოფელ ენისელის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით დანაშაულის ჩადენის იარაღი - მაკაროვის სისტემის პისტოლეტი და 14 ვაზნაა ამოღებული.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ცეცხლსასროლი იარაღის არაერთგზის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 118-ე, 236-ე და 237-ე მუხლებით. დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.