საპროტესტო აქცია ნუცუბიძის ქუჩაზე: მშენებლობა დროებით შეჩერდა

თბილისის მერიის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებთან შეხვედრას მართავენ
Sputnik

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. თბილისის მერია 14-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ირგვლივ არსებულ დავაზე ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ნუცუბიძის ქუჩის 26 ნომრის მოსახლეობამ  მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის საწინააღმდეგო საპროტესო აქცია 4 მაისს გამართა.

აქციის მონაწილეების თქმით, მაღალსართულიანი კორპუსის აშენების შემთხვევაში საპარკინგე ადგილები შეიზღუდება, ბავშვებს სკვერი აღარ ექნებათ, გზის სივიწროვის გამო საჭიროების შემთხვევაში ვერ შემოვა სახანძრო, სამაშველო და სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

ელისაშვილი: „ეს სამშენებლო ნებართვა ვინც გასცა, ის არის ქალაქის მტერი“

ისინი თბილისის მერიისგან დროულ რეაგირებას ითხოვენ და სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკების შედეგად მშენებლობა დროებით შეჩერდა.

„ეს არის 2014 წელს გაცემული ნებართვა. მერია და გამგეობა ხვდება მოსახლეობას. აქვს მათთან აქტიური კომუნიკაცია. მოლაპარაკების შედეგად, მშენებლობა დროებით გაჩერებულია, ვიდრე არ მოხდება იურიდიულ საკითხებში გარკვევა და ასევე, ადგილზე შეფასება ურბანული კუთხით. უნდა აღინიშნოს, რომ არის მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც ბინები წინსწრებით ნაყიდი აქვს. აუცილებელია გადაწყვეტილებების მიღება იმგვარად, რომ არ დაზარალდეს არც ერთი მხარის ინტერესი. საბურთალოს გამგეობა და თბილისის მერია აქტიურად არიან ჩართულები“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.

აქციის მონაწილეებთან შეხვედრას მერის მოადგილე 6 მაისს გეგმავს, მანამდე კი მოსახლეობა აქციებს წყვეტს.

ვნებები კოეფიციენტის ირგვლივ: თბილისში მშენებლობის წესები მკაცრდება >>

დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურში განმარტავდნენ, რომ მშენებლობაზე ნებართვა 2014 წელს, კანონის სრული დაცვით არის გაცემული.

ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლებმა კორპუსის მშენებლობა 20 აპრილსაც გააპროტესტეს.